„მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში“ საქართველო დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა

მეცნიერებაში, კითხვასა და მათემატიკაში 15 წლის მოსწავლეების შეფასების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 72 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში“ (PISA) 2015 წლის კვლევის თანახმად, სამივე საგანში - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 411, კითხვაში - 401 და მათემატიკაში - 404 მიღებული ქულებით საქართველო დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა - 2009 წლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს ქულები სამივე საგანში შედარებით გაუმჯობესდა.

PISA 2015 წლის კვლევაში 72 ქვეყნის მასშტაბით 15 წლის 540 000 მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევა ამ ასაკის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნარებს აფასებს.

კვლევა მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე 72 ქვეყანაში 2000 წლიდან მოყოლებული 3 წლის ინტერვალით ტარდება.

წლევანდელ კვლევაში საუკეთესო შედეგი სინგაპურმა აჩვენა, რომელსაც იაპონია, ესტონეთი, ტაივანი, ფინეთი, მაკაო, კანადა, ვიეტნამი და ჰონგ კონგი მოსდევს.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კოსოვოს, ალჟირსა და დომინიკას რესპუბლიკას აქვს.