როგორ აისახება ლარიზაცია უძრავი ქონების ბაზარზე?

კარგა ხანია, რაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციას ასახელებენ.

ლარიზაცია - ეს არის პროცესი, როდესაც ეროვნული ვალუტის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება და ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისათვის უპირატესობას მას ანიჭებენ. ლარიზაციის მნიშვნელობას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს: ფაქტია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნები, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალი იყო, უფრო მეტად დაზარალდნენ. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზეც, რომ ლარიზაციას დიდი დრო დასჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი, სადაც დოლარიზაციის 80%-დან 40 პროცენტამდე შემცირებას 20 წელი დასჭირდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აისახება ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროზე - უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს უცხოურ ვალუტაში აწარმოებს.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო უძრავი ქონების ბაზარს მძიმე დღეები დაუდგა.

“სიტუაცია არც ისე სახარბიელოა - ლარის კურსის ცვლილებამ ყველაფერზე იმოქმედა და უარყოფითად იმოქმედა უძრავი ქონების ბაზარზეც. გაყიდვები შემცირებულია ისევე, როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი. რაც შეეხება ლარიზაციას, გააჩნია, რა კურსით იმუშავებენ სამშენებლო კომპანიები. თუ ბინის ღირებულება ისევ დოლარის კურსზე იქნება მიბმული, მყიდველისთვის მნიშვნელობა არ ექნება საბაზრო კურსით მოუწევს დოლარის ყიდვა, თუ პირდაპირ, უცხოური ვალუტის გადახდა. ლარიზაცია ჩვენს ბიზნესზე დადებითად იმოქმედებს, თუ მყიდველს ბინის ღირებულებას ლარში დაუფიქსირებენ და ფასები დოლარის კურსის მიხედვით არ შეიცვლება, თუ ასე არ მოხდება - რა აზრი აქვს?“ - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

საკითხის შეფასება საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს - ირაკლი როსტომაშვილსაც ვთხოვეთ. მისი თქმით, თუ მთელი ქვეყანა ლარზე გადავა, მაშინ პრობლემა არ იქნება, პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც აქცენტი ერთ რომელიმე დარგზეა გადატანილი.

„მე თუ საშენ მასალას, საწვავს, მოსაპირკეთებელ მასალებს ეროვნული ვალუტით ვიყიდი, ბანკიც თუ ლარში გასცემს სესხებს, მაშინ არანაირი პრობლემა არ შემექმნება, მაგრამ ამის ადმინისტრირება არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ ლარიზაცია ჩვენთანაც ხანგრძლივი პროცესი იქნება. პირველ რიგში ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ ლარი მყარი ვალუტაა და ამ ვალუტაში თანხის დაგროვება ღირს და რაც მთავარია, ხალხს მთავრობისა უნდა სჯეროდეს. კვირიკაშვილის მთავრობამ ხალხს უნდა დაუმტკიცოს, რომ მათი პროგნოზები საიმედოა. ამბობენ, რომ ლარი მოკლევადიან პერიოდში გამყარდება, მე ველოდები აგვიხსნან, რას ნიშნავს მოკლევადიანი პერიოდი - სამ თვეს, თუ სამ წელიწადს? თუ გვეტყვიან, რომ სამ თვეში ლარი გამყარდება და მართლაც გამყარდება, ეს უკვე რაღაც პოზიტივია. საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს სწორად აფასებს და ლარისადმი ნდობაც გაიზრდება“, - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

მისი თქმით, ლარი დღეს არ არის საიმედო ვალუტა, ამიტომაც ვერ იქცა დაგროვების საშუალებად.

„ვინმეს იცნობთ, რომ ბინის შეძენა სურდეს და ლარს აგროვებდეს? ბინების ყიდვა-გაყიდვა ჯერ მიწის ყიდვაზეა დამოკიდებული. ამისთვის საჭიროა, რომ მიწა ლარში იყიდებოდეს. დამოკიდებულია თუნდაც ბანკის მიერ გაცემულ სესხზე. ბანკებმა სესხები ლარში გასცენ, დოლარს არ მიაბან და უძრავი ქონების ბაზარიც ლარზე გადავა. დღეს საქართველოში არცერთი დარგი არ მუშაობს ლარზე და გამონაკლისი არც უძრავი ქონების ბაზარია“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

კომპანია „აი ჯი ეს ჯგუფის“ ფინანასური დირექტორის, უძრავი ქონების ექსპერტ შოთა გუჯაბიძის თქმით, ადამიანი იმიტომ ყიდის თავის ნაწარმს დოლარში, რომ ეშინია ლარის კურსი უეცრად არ დავარდეს და არ შეიცვალოს. ასეთი ხალხის დარწმუნება ლარის სტაბილურობაში საკმაოდ გართულდება.

„თუ ლარიზაციის პროცესი სწორად წარიმართება და ის სტაბილურ ვალუტად ჩამოყალიბდება, ამას რა სჯობია, მაგრამ ამის მიღწევა ცალკე, ეკონომიკისგან მოწყვეტილად წარმოუდგენელია. ლარიზაცია მხოლოდ მაშინ მოგვიტანს სასურველ შედეგს, როცა საქართველოს ეკონომიკა გაფართოვდება და გაიზრდება. ეს ათწლეულების პროექტია, ამიტომ უნდა არსებობდეს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და ლარიზაცია ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა იყოს. რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს, აქ ფასწარმოქმნაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ამიტომ ლარიზაციას ცალკე, ამ ფაქტორებისგან მოწყვეტილად ვერ განვიხილავთ“, - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

მისივე განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარზე მხოლოდ ლარის მდგომარეობით ვერ ვიმსჯელებთ. ამ ბაზარზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. თუნდაც ის, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური ამზადებს „არქიტექტურული ნორმებისა და დადგენილებების კრებულს“, რომელიც მკვეთრად გაამკაცრებს ექსპლუატაციის ნორმებს და სტანდარტებს, ხოლო ნორმების გამკაცრება კიდევ უფრო გაზრდის უძრავი ქონების ფასს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში უძრავი ქონების ბაზარი ზრდისკენ არის მიმართული, მაგრამ რაც უნდა მოიმატოს ფასებმა, ლარიზაცია და ვალუტის კურსის გამყარება მაინც კარგია - ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის დარეგულირებას და უძრავი ქონების ფასიც უფრო სტაბილური გახდება. დღეს ეს ბაზარი არ არის სტაბილური, ლარიზაციის პირობებში კი, რყევები შემცირდება და ფასი უფრო სტაბილური გახდება, თუმცა ამას დრო დასჭირდება“, - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე