რამდენით გაძვირდება ავტომობილები საქართველოში

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ახალი წლიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი იზრდება.

აქციზის განაკვეთის ცვლილებები უკვე ასახულია კანონპროექტში, რომელიც განსახილველად პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა. ”ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია 2 000 მ3 (ე.წ. 2,0-იანი ძრავის) მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილის აქციზის მოქმედი და მოსალოდნელი გადასახადი მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის. ღირებულება დაანგარიშებულია ლარებში.

bpn

ჩვენ 2 000 მ3 ძრავის მქონე ავტომობილის აქციზის გადასახადი შემოგთავაზეთ, რადგან ქვეყანაში არსებული ავტომობილების დიდი ნაწილი სწორედ ამ მოცულობის მქონეა. 

კანონპროექტის თანახმად, ავტომობილის განბაჟების ახალი ფასები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.

საქართველოში ძირითადი მოთხოვნა 11 წლის და უფრო ძველ ავტომობილებზეა. აქციზის გადასახადის მნიშვნელოვანი ზრდა კი სწორედ ამ ასკობრივი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილის საერთო ღირებულება ავტომფლობელების დიდი ნაწილს გაეზრდება. მაგალითად, თუ ადრე 14 წელზე ძველი 2.0 მ3 მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილისთვის აქციზის გადასახადი 1 600 ლარი იყო, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ 4 600 ლარი იქნება. მარჯვენასაჭიანისთვის კი ეს ღირებულება 13 800 ლარი გახდება.

ძველ ავტომობილებზე აქციზის გაზრდის პარალელურად, ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის სტიმულირება ხდება. მოქმედი კანონმდებლობით, აქციზის გადასახადი ჰიბრიდულ ავტომობილებზე განახევრებულია, ელექტრომობილებზე კი ნულოვანია.

გიორგი სუპატაშვილი, ”კავკასიის ავტოიმპორტის” გენერალური დირექტორი: ”მთლიანობაში პროექტი ძალიან კარგად არის გაკეთებული. ცვლილებების შედეგად ქვეყნიდან დოლარის გადინება შემცირდება, ლარი გამყარდება და უფრო გადამხდელუნარიანი საზოგადოება გვეყოლება. ჩვენი გამოთვლებით, 500 მილიონი ლარი ადგილობრივად დარჩება. იაპონური, ძველი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა პრაქტიკულად გაჩერდება. სამაგიეროდ, მოთხოვნა გაიზრდება ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივადაც მოხდება ფასის მატება, მაგრამ ეს ორმხრივი პროცესი იქნება. თუ მყიდველს მეტის გადახდა მოუწევს, გამყიდველიც მეტს მიიღებს და ეს თანხა ქვეყანაში დარჩება. ერთი დაზარალდება, მაგრამ მეორე მოიგებს. თუ მთლიანობაში განვიხილავთ და არ ვიტყვით ერთ კონკრეტულ ბიზნესზე, რომლის ბრუნვაც შემცირდება, პროექტი კარგია. 500 მილიონი ლარის ქვეყანაში დარჩენა ბიზნესზე, მათ შორის ჩემზეც, ირიბად აისახება. ჩემი ბრუნვა, რა თქმა უნდა შემცირდება. მაგრამ ეს იქნება მოკლევადიანი ეფექტი. გრძელ ვადაში პროცესი დასტაბილურდება. ევროპისა და ამერიკის ბაზრები გაძლიერდება. კორეის ბაზარიც უკვე მოზიდული გვაქვს. ბიზნესი უფრო ბიუჯეტურ ავტომობილებზე გადაეწყობა.

თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია უკვე ნაყიდი ავტომობილების ბედი. ითქვა, რომ ცვლილება არ შეეხება მას, ვისაც პირველ დეკემბრამდე ტარნსპორტირება აქვს დაწყებული. თუმცა ტერმინი ”ტრანსპორტირება დაწყებულია არ არის” გაუშიფრავია. ეს შეიძლება ნიშნავდეს კონტრაქტის გაფორემებას, ფული გადარიცხვას, აუქციონიდან წამოყვანას, კონტეინერში ჩავტვირთვას ან გემის გამოსვლას. აუცილებელია, რომ განიმარტოს და დაფიქისრდეს ზუსტი და გონივრული დრო, როცა ცვლილებები ამოქმედდება.”

ამჟამად საქართველოში 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული. საერთო რაოდენობიდან 400 000 მარჯვენასაჭიანია. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობის ზრდა უკანასკნელ წლებში სწრაფი ტემპით ხდებოდა. მაგალითად, 2015 წელს მისმა რაოდენობამ მთელი იმპორტის 39,7% შეადგინა.

საქართველოში არსებული ავტოპარკის ასაკობრივი შეფასება შემდეგნაირია:

• 1-3 წლის - 1%

• 4-6 წლის -2 %

• 7-10 წლის - 6 %

• 11-20 წლის - 46 %

• 20 წელზე ძველი - 45%

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. თუმცა ყველაზე მზარდი NISSAN-ის (43%-ით) და SUBARU-ს (42%-ით) ავტომობილებია. მოდელებიდან ლიდერობენ OPEL ASTRA და MERCEDES BENZ E, რომლებსაც მოსდევს OPEL VECTRA და MERCEDES BENZ C. კაცები უპირატესობას MERCEDES-ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები - NISSAN-ს. მოდელებიდან მამაკაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES BENZ E, ხოლო ქალებში ლიდერობს HONDA FIT.

ნანა მღებრიშვილი