განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ძიება მიმდინარეობს ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულია ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძე. დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებენ მანგანუმის კონცენტრატს. მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი, დაფუძნებული ჰქონდათ შპს „ტრანს მანგანუმი“, შპს „ლარე“, შპს „ლგლ“, შპს „ნიგი“, შპს „ტექნოლოჯი“, შპს „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“. აღნიშნული საწარმოებს შორის, ფიქტიური ოპერაციების მეშვეობით ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენენ მის რეალიზაციას. დაკავებულებმა უკანონო მოპოვებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღეს ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.