ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

„დედოლარიზაციისთვის უმთავრესია - ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა, სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება და ლარით ფასდადება“,

- ნათქვამია ეროვნული ბანკის დედოლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ, ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ დედოლარიზაციის ღონისძიებებს:

„ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა"

1. კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ლიკვიდური აქტივები მოკლევადიანი დეპოზიტების გრძელვადიან სესხებად გადასაქცევად. ეროვნული ბანკი გეგმავს გაზარდოს გადაცემის მექანიზმის მოქნილობა და გააფართოოს გირაოს ბაზა.

2. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გეგმავს, შემოიღოს, ბაზელ III-ის შესაბამისი ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი, სადაც უპირატესობა ექნება ეროვნულ ვალუტას.

3. კაპიტალის ბაზრების განვითარებისათვის აუცილებელია კომპანიებს შეეძლოთ გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვება და კაპიტალის მიღება. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავეს ერთობლივი სტრატეგია და ერთობლივად მიმდინარეობს მისი განხორციელება.

4. კაპიტალის ბაზრის განვითარების წინაპირობაა განვითარებული ადგილობრივი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, დაიწყება ა)მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ე.წ. "ბენჩმარკ" ქაღალდები), რომლის მთავარი მახასიათებელია მაღალი ლიკვიდობა და წინასწარ პროგნოზირებადობა და რომლის შედეგადაც ბაზრის მონაწილეებს ეცოდინებათ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში სავარაუდო ემისიის კალენდარი. ბ) ამუშავდება პირველადი დილერების ინსტიტუტი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილე ბანკებს ექნებათ ვალდებულება ხელი შეუწყონ მეორადი ბაზრის ლიკვიდურობას ბაზრის ყველა მონაწილისათვის.

5. საპენსიო რეფორმის განხორციელება, ერთი მხრივ, გაზრდის სოციალურ უსაფრთხოებას, და ამავე დროს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან გაიზრდება მოთხოვნა გრძელვადიან ინსტრუმენტებზე, რაც განაპირობებს ლარის გრძელვადიანი რესურსის ზრდას.

სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება

6. იმისათვის რომ მსესხებელი დაცული იყოს სავალუტო რისკებისაგან, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგად მცირე ზომის სესხები (100 ათას ლარამდე 2017 წლის 1 იანვრიდან და 200 ათას ლარამდე 2018 წლის 1 იანვრიდან) გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით.

7. მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელი შეეწყობა 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების გალარებას, როგორც ერთჯერადი სოციალური ღონისძიება იმ მსესხებლებისათვის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა გაცვლითი კურსის გაუფასურებით.

8. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავალუტო რისკისგან დაუცველ (არაჰეჯირებულ) მსესხებლებზე უცხოურ ვალუტაში სესხების შემთხვევაში ადეკვატური ბუფერების არსებობას.

ლარით ფასდადება

9. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში მომზადდება ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება სავალდებულო იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით.

10. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, კომერციულ ბანკებში დაინერგება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დაცული მომსახურება (ე.წ "escrow" მომსახურება), რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საფასურის გადახდისა და ქონების დასაკუთრებასთან დაკავშირებული რისკების აცილებასა და ხარჯების შემცირებას როგორც გამყიდველისთვის ასევე მყიდველისთვის. აღნიშნული მომსახურება განხორციელდება საჯარო რეესტრთან თანამშრომლობით და მომხმარებლისთვის იქნება ნებაყოფლობითი. ეს სერვისი დამატებითი სტიმული იქნება უძრავი ქონების ლარით ანგარიშსწორებისათვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.