დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებსა და საინვესტიციო გარემოზე წარიმართა. მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება მსოფლიო ბანკის ჯგუფთან არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

მათივე განმარტებით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვებზე, აგრეთვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ახალი ბაზრების მოძიებაზე, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიმართულია სექტორულ დონეზე ინვესტიციების მოზიდვაზე, სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობაზე, საბაჟო და საგადასახადო რეფორმების გატარების ხელშეწყობაზე.

აგრეთვე საუბარი წარიმართა ახალ პროექტზე, რომლის მიზანსაც ვაჭრობის განვითარება და ინვესტიციების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მხარეებმა განსაკუთრებულად განიხილეს საქართველოში ეროვნული ინოვაციური ეკონომიკის პროექტიც, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის 8 რეგიონული ინოვაციების ჰაბის შექმნას დიდ ქალაქებში და 50 ინოვაციების ცენტრის შექმნას შემოგარენ სოფლებში. აღნიშნული ინოვაციების ინფრასტრუქტურა შექმნის 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ინოვაციების ინფრასტრუქტურის ბაზა ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კომპიუტერული წიგნიერების დონისა და სამეწარმეო თუ სხვა საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას შემდგომი დასაქმების მიზნით. 2020 წლისთვის 150 000 ბენეფიციარი ისარგებლებს ინოვაციების ინფრასტრუქტურითა და შეთავაზებული სერვისებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.