"პენსია 180 ლარამდე მიმდინარე წელს გაიზარდა და ეს ასახულია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში"

გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, 10-ჯერ მეტი ბიუჯეტი არ ეყოფა როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, მაგრამ ეს იმ შესაძლებლობების მაქსიმუმია, რაც ჩვენს ეკონომიკასა და ბიუჯეტს შეუძლია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

“ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში პენსიების მომატება. ჩადებულია საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 90-მილიონით მატება, რომლის ნაწილი გამოყენებული იქნება იმ დაპირებების შესრულებაზე, რაც წინასაარჩევნოდ გავეცით. კერძოდ, უმწეო პენსიონერების პირველადი მოხმარების წამლებით უზრუნველყოფისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება ასაკობრივი პენსიის მატების თემას, ზოიძე აცხადებს, რომ პენსია 180 ლარამდე გაიზარდა მიმდინარე წელს და ეს ასახულია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წელთან შედარებით 253.8 მილიონი ლარით იზრდება. უწყება 2017 წლისთვის ჯამში 3 მილიარდ 415 მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდება.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის მთავარი თემა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტია.