ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ 2017 წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ 2017 წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს.

როგორც დოლიძემ საუბრისას აღნიშნა, პრაქტიკულად ბარიერი აღარ არსებობს. მისივე განცხადებით, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის კრიტერიუმი და მოთხოვნა, რომელსაც სავიზო ლიბერალიზაციის გეგმა ითვალისწინებდა.

”ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც შეჩერების შესახებ შეთანხმებას გულისხმობს. პრაქტიკულად შეთანხმებულია, მაგრამ არ მინდა წინასწარ განცხადებები ვაკეთო. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის ახლანდელი ვიზიტი იყო მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ასე დროულად მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის ახლა მთავარია, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაიწყონ უვიზოდ მიმოსვლა ევროკავშირისა და შენგენის ზონაში. ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლის საკითხი ძალიან მალე, 2017 წლის დასაწყისში გადაწყდება. არანაირი ბარიერი აღარ არსებობს, პრაქტიკულად პროცედურული საკითხიც ამოწურულია და ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩა მხოლოდ კენჭისყრა. მოდით, ნუ ვისაუბრებთ კონკრეტულ დროზე, შესაძლოა კენჭისყრა მომავალ კვირასაც დაინიშნოს, ან შესაძლოა გარკვეულ საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე წლის ბოლოს ეყაროს კენჭი“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.