რატომ უნდა დაწესდეს "ობამას ბანკების გადასახადი" საქართველოში

10 პუნქტიანი გეგმის 11-ე პუნქტი, ანუ რატომ უნდა დაწესდეს "ობამას ბანკების გადასახადი" საქართველოში. ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" ეკონომისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"იმ ფონზე, როცა სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკები აქტიურობენ მაღალრისკიან საცალო სექტორში და ეკონომიკის განმავითარებელი სექტორები ყურადღების მიღმა რჩება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. "ობამას ბანკების გადასახადის" საკითხი.

"კაპიტალის გადასახადის შემოღება სისტემატურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის, რომელიც ამჟამად უნდა გავრცელდეს სულ მცირე უდიდეს სამ ბანკზე, (იგულისხმება თიბისი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთან მიმართებით, საბანკო სექტორში ბაზრის მაღალი კონცენტრაციიდან გამომდინარე."(IMF, GEORGIA - FINANCIAL SECTOR ASSESSMENT PROGRAM MACROPRUDENTIAL POLICY FRAMEWORK—TECHNICAL NOTE, January 2015)

"სისტემური მნიშვნელობისათვის კაპიტალის დაწესების მთავარი არგუმენტები იმ ნეგატიურ ექსტერნალურობასთან არის დაკავშირებული, რაც „ძალიან დიდია ჩამოსაშლელად“ (too big to fail) პრობლემას უკავშირდება:

1. უსაფრთხოების ბადის ფასი

პრობლემების დროს მთავრობას მოუწევს ბანკის გადასარჩენად ფინანსური ბადის გამოყენება. შესაბამისად, ამ მოსალოდნელი ბადის ფასი რაიმე სახით უნდა იყოს გათვალისწინებული ბანკის მოქმედებაში. მაღალი კაპიტალის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ბანკს არ ექნება ინიციატივა მაღალი რისკიანობის მქონე პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. ასევე პრობლემების დროს უფრო დიდი ბუფერი ექნება რისკების შთანთქმისათვის, რაც გადასარჩენი ბადის გამოყენების ალბათობას ამცირებს.

2.კონკურენტული უპირატესობა

ეკონომიკურმა აგენტებმა იციან, რომ თუ ბანკი ძალიან დიდია/მნიშვნელოვანია ჩამოსაშლელად, მთავრობა მის გადასარჩენად, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ბადეს აამოქმედებს.ეს ბანკს ფინანსურ ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. ორი ერთნაირი რისკ პროფილის ბანკს შორის დეპოზიტარი იმ ბანკს ჩათვლის უფრო სანდოდ, რომელიც სისტემურად უფრო მნიშვნელოვანია და მოსალოდნელია, რომ მის გადასარჩენად მთავრობა ბადეს გამოიყენებს.

3. მორალური საფრთხის გაძლიერება

უსაფრთხოების ბადის არსებობა კიდევ უფრო აძლიერებს ბაზრის ექსტერნალურობას, რაც მაღალ ლევერეჯთან არის დაკავშირებული. ბანკმა თუ იცის, რომ ნებისმიერი რისკის აღებისას მთავრობის ბადის საშუალებით ის ბიზნესში მაინც დარჩება, მას მაღალი რისკების აღების ინიციატივა კიდევ უფრო გაუძლიერდება.

მსხვილი ინსტიტუტები შეიძლება ისე გაძლიერდნენ პოლიტიკურად და ეკონომიკურად, რომ მათი რეგულირება გართულდეს.

4. ფინანსური ბაზრის კონცენტრაცია

მსხვილი ბანკების კონცენტრაცია ხელს უშლის კონკურენციას საბანკო ბაზარზე, რაც ფინანსური ბაზრის ეფექტიანობას ამცირებს."

(საქართველოს ეროვნული ბანკი , წლიური ანგარიში 2009 წ, გვ. 78)