ირაკლი ლექვინაძე - თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუმარტა, ოპტიმიზაცია დაახლოებით 10%-ის ფარგლებში განხორციელდება.

„ეს არ გულისხმობს საშტატო ერთეულების მნიშვნელოვან შემცირებას. ძირითადი ორიენტირი არის ის, რომ დაიზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები. თუკი ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას ვნახავთ, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. ეს ხდება როგორც პრემიების, ასევე საქონლისა და მომსახურების კუთხით, რაც ადმინისტრაციულ ხარჯში გადის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, არის ოპტიმიზაციის გეგმა, რომელიც რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიული პირის გაერთიანებას და ამ გზით უფრო ეფექტური სისტემის შექმნას გულისხმობს.