სასათბურე მეურნეობა „მუხრანი აგრო“ წლიურად 40 ტონა პომიდორს აწარმოებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ გოჩა ზეიკიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ, მარიანა მორგოშიასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „მუხრანი აგრო“ დაათვალიერა.

როგორც აღნიშნული მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, 2015 წლის მარტში შეიქმნა. საწარმო, რომელშიც 15 ადამიანი არის დასაქმებული, წლიურად 40 ტონა პომიდორს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანიის „მუხრანი აგრო“ საწარმოში ჯამურად 129,090 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 99 175 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 29,915 აშშ დოლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 2013 წლიდან 6 ახალი საწარმო გაიხსნა (სრული ინვესტიცია - 2,589,644 აშშ დოლარი, შეღავათიანი აგროკრედიტი - 1,349,175 აშშ დოლარი, გრანტი - 592,000 აშშ დოლარი, საკუთარი წილი - 648,469 აშშ დოლარი).

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნის, ასევე უკვე არსებულის გაფართოების მიზნით. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო.