გიორგი ტყემალაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩევს, უკეთესად წაიკითხონ მერიის მიერ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის განცხადებით , კომპანია "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსისთვის" კრწანისში არსებულ სკვერში დაკიდებული ბაღების მოწყობისთვის მიწის ტერიტორიის გადაცემის საკითხი საკრებულომ 1-ელი ნოემბრის სხდომაზე განიხილა.

გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსისთვის" კრწანისში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემას შეეხება, სადაც კომპანია 450 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩია, უკეთესად წაიკითხონ მერიის მიერ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები.

"2 ჰა მიწის ნაკვეთის არანაირი იჯარით გაცემა არ იგეგმება და არც ყოფილა დღის წესრიგში არასდროს. უკეთესია წაიკითხონ და შეისწავლონ ეს საკითხი, რომელიც საკრებულოში უკვე დიდი ხნის წინ შემოვიდა და განხილულია. არადა, ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პერიოდში აპირებს საკრებულო ამ საკითხის განხილვას. მკაფიოდ მინდა ვთქვა, თუ რაზეა საუბარი. თითო-თითო კვადრატული მეტრი, ექვსი მიწის ნაკვეთი დაკიდებული ბაღების მოსაწყობად პირდაპირი იჯარით ნამდვილად გადაეცა აღნიშნულ კომპანიას. ხოლო 2 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე არასდროს ყოფილა საუბარი. უბრალოდ, ამ 6 კვადრატული მეტრის გადაცემის სანაცვლოდ თბილისის მერიამ და საკრებულომ კომპანიას ვალდებულება დაუყენეს, რათა 450 000 ლარის ინვესტიცია 2 ჰა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობისთვის განახორციელოს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, პირადად მას კომპანიის წარმომადგენლებისთვის არ დაუსვამს შეკითხვა რა ინტერესი უნდა გააჩნდეს აღნიშნული ოდენობის ინვესტიციის განსახორციელებლად. გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მან საკითხი კარგად შეისწავლა და საკრებულოს სხდომაზე, როგორც ერთმა დეპუტატმა, გადაწყვეტილებაც მიიღო.

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისთვის" კრწანისში ორი ჰექტარი მიწის შესაძლო გადაცემის ფაქტს აპროტესტებენ.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს" მერიისგან მოთხოვნილი აქვს, რომ 15 წლის სარგებლობის უფლებით კრწანისში გამწვანებული სკვერი გადასცენ, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დგას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ტერიტორიაზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობას იძლევა, რომელიც ამ ეტაპზე პროექტში წარმოდგენილი არ არის.