თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კრწანისის სკვერთან დაკავშირებით ოპოზიციას პასუხობს

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის განცხადებით, კომპანია „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ მიერ კრწანისში სკვერის რეაბილიტაცია მხოლოდ და მხოლოდ მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ კარლო ლაფერაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კომენტარი გააკეთა აღნიშნული კომპანიისათვის სკვერის კეთილმოწყობისა და იქ დაკიდებული ბაღების მოწყობის შესახებ.

ლაფერაძის თქმით, მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულებით გაფორმებული მუნიციპალური ქონება, რისკის ქვეშ არ იქნება და კერძო ინტერესის საგანი არ გახდება.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ამაზე ცალსახად და მკაფიოდ არის საუბარი.

„ოპოზიციის განცხადება იმის შესახებ, რომ მერიამ 2 ჰა ტერიტორია კერძო კომპანიას გადასცა, სწორი არ არის. ეს ქონება ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე კომპანიას მიეცა უფლება, მოაწყოს დაკიდებული ბაღის ტიპის გამწვანება მხოლოდ და მხოლოდ 6 კვადრატულ მეტრზე, ხოლო დანარჩენ 2 ჰა ტერიტორიაზე, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 450 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს სკვერის აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის. პირობაა, რომ ამ სკვერის რეაბილიტაცია მხოლოდ და მხოლოდ მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, იქაც კი არ აქვს მას უფლებამოსილება, რომ სკვერის რეაბილიტაცია თავისი გემოვნებითა და ხედვით განახორციელოს. ქალაქის მთავრობამ და საკრებულომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკვე მიიღო, ხელშეკრულება არსებობს და ტექნიკური სამუშაოებია განსახორციელებელი“, - განაცხადა კარლო ლაფერაძემ.

კითხვაზე, რა ინტერესი აქვს კომპანიას კრწანისის სკვერის რეაბილიტაციისთვის 450 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს, ლაფერაძემ განაცხადა, რომ ამაზე კომპანიას უნდა ვკითხოთ „ან მერე მომავალში შეგვიძლია ვიმსჯელოთ“.

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისთვის" კრწანისში ორი ჰექტარი მიწის შესაძლო გადაცემის ფაქტს აპროტესტებენ.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს" მერიისგან მოთხოვნილი აქვს, რომ 15 წლით სარგებლობის უფლებით კრწანისში გამწვანებული სკვერი გადასცენ, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დგას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ტერიტორიაზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობას იძლევა, რომელიც ამ ეტაპზე პროექტში წარმოდგენილი არ არის.