„ნაცმოძრაობა“- თბილისის მთავრობას სურს სკვერი, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და ბაგრატიონის ძეგლია, ერთ-ერთ კომპანიას გადასცეს

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსისთვის“ კრწანისში ორი ჰექტარი მიწის შესაძლო გადაცემის ფაქტს აპროტესტებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ მერიისგან მოთხოვნილი აქვს, რომ 15 წლის სარგებლობის უფლებით კრწანისში გამწვანებული სკვერი გადასცენ, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დგას. აღნიშნული კომპანია ტერიტორიაზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობას იძლევა, რომელიც ამ ეტაპზე პროექტში წარმოდგენილი არ არის.

როგორც სევდია უგრეხელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკვერში შეიძლება აშენდეს რესტორანი, კაფე ან სხვა ობიექტები, რაც სავარაუდოდ ხეების მოჭრის სანაცვლოდაც მოხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პრესკონფერენციაზე დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარადგინეს.

„მერიას სურს მასთან დაახლოებული კომპანიისთვის ორი ჰექტარი მიწის გადაცემა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. კომპანიამ კრწანისში აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით წერილობით მერიას აგვისტოში მიმართა, მერიამ აღნიშნული წერილი არქიტექტურის სამსახურს გადაუგზავნა. თბილისის მთავრობამ პასუხისმგებლობა აირიდა და სურს საკრებულოში ბიუჯეტის შემოტანის დროს, მაშინ როდესაც ოპოზიციის და საზოგადოების ყურადღება ბიუჯეტის მიღებაზე იქნება გადატანილი, ფარულად გააპაროს აღნიშნული საკითხი და დაინტერესებულ კომპანიას გადასცეს სკვერი, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და გენერალ ბაგრატიონის ძეგლია. მოვუწოდებ დავით ნარმანიას, მაშინ, როცა ის „დახვეწილობის კურსებზე“ ხარჯავს ასეულობით ათას ლარს, საკუთარ თანამშრომლებს საქართველოს ისტორიაში ჩაუტაროს ტრენინგ კურსები, რადგან ამ ტერიტორიის გასხვისება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.