”ნაცმოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება"

თბილისის მერიის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერია თბილისში 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს , სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, იჯარის წესით, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. „დაკიდული ბაღების“ მოწყობის მიზნით გადაეცა.

”ამასთან, საიჯარო პერიოდში, კომპანიამ აიღო ვალდებულება სკვერის რეაბილიტაციის მიზნით 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში, 19747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად აღდგება პარკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, განახლდება არსებული და მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, სკამები, აღდგება მწვანე საფარი და სარწყავი სისტემა.

აღსანიშნავია, რომ საიჯარო პერიოდში კომპანია სკვერის მოვლა-პატრონობას თავად უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქალაქს შეემატება კიდევ ერთი აქტიური სარეკრეაციო ზონა, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები დასვენებას და თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისთვის“ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მერიის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მიიღო და აღსანიშნავია, რომ მას მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემაც დაუჭირა, რომელმაც დღეს მისსავე მხარდაჭერილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი „საეჭვო ვითარებაში სხვისდება“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა და ნათელი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გზით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფრაქციის თავმჯდომარე, წევრებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს დაკავებულ თანამდებობას.

თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის მცდარი ინფორმაციების გავრცელებისგან და დაკავებული თანამდებობები ნაცვლად ტყუილებისა გამოიყენონ თბილისისა და თბილისელებისთვის საკეთილდღეო საქმეების განხორციელების მიზნით”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.