ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, ციდან ალადინი ჩამოფრინდა და ორთაჭალის სკვერი რომ დაინახა, გული აუჩუყდა

მე არ მეგულება ვინმე თბილისში სკვერის რეაბილიტაციაზე 450 000 ლარი რომ დახარჯოს, შეიძლება გიორგი სააკაძე ან ვახტანგ VI გაცოცხლდა, მოვიკითხოთ ყველამ ერთად , - ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომპანია „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის“ მიერ კრწანისის სკვერში განსახორციელებელ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

ალეკო ელისაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ იგი საკრებულოში ერთადერთ სხდომას არ ესწრებოდა და ფიქრობს, რომ შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისთვის“ კრწანისის სკვერის რეაბილიტაციის და იქ დაკიდებული ბაღების მოწყობის საკითხი სწორედ მაშინ გავიდა.

„რაც შეეხება თავად საკითხს, ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება ვიღაცამ ბილიკებისა და სკვერის მოწესრიგებაში 450 000 ლარი გაისროლოს. ასეთი მე არ მეგულება და თუ ეს მართლა ასეა, მივალ, ხელებს დავუკოცნი. როგორც ჩანს, ციდან ალადინი ჩამოფრინდა და ორთაჭალის სკვერი რომ დაინახა, გული აუჩუყდა. მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად დამაჯერებელია. ძალიან ჩახლართული ამბავია და ამას კარგი მიყოლა უნდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღესვე ბრიფინგი გამართეს თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა. ისინი შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისთვის" კრწანისში ორი ჰექტარი მიწის შესაძლო გადაცემის ფაქტს აპროტესტებენ.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს" მერიისგან მოთხოვნილი აქვს, რომ 15 წლით სარგებლობის უფლებით კრწანისში გამწვანებული სკვერი გადასცენ, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დგას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ტერიტორიაზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობას იძლევა, რომელიც ამ ეტაპზე პროექტში წარმოდგენილი არ არის.

დღესვე აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის მერია გამოეხმაურა. თბილისის მერიის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერია თბილისში 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, იჯარის წესით, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. „დაკიდული ბაღების“ მოწყობის მიზნით გადაეცა.