სემეკის წევრი - სამომხმარებლო ტარიფების ზრდის ტენდენცია არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფების ზრდის ტენდენცია არ არის , თუმცა მისივე თქმით, ეს საკითხი კომისიის სხდომაზე საბოლოოდ რამდენიმე დღეში იქნება გატანილი.

როგორც გოჩა შონიამ სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სემეკი გადავიდა ტარიფების ყოველწლიურ რეგულირებაზე.

„შესაბამისად, კომისიაში შემოსულია სატარიფო განაცხადები როგორც გენერაციის, ასევე გადაცემისა და განაწილების სექტორებიდან. დაახლოებით 20-მდე სატარიფო განაცხადია შემოსული. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, წინასწარ რასაც ვხედავთ ტენდენციას და რასაც ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ დეპარტამენტებთან ერთად, არის ის, რომ სამომხმარებლო ტარიფების ზრდის ტენდენცია არ არის, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ კომისიის სხდომაზე რამდენიმე დღეში იქნება გამოტანილი და სწორედ მაშინ მიიღებს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას”, - განაცხადა გოჩა შონიამ.

მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანიებიდან სემეკში შესულია 3 სატარიფო განაცხადი. ესენია - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, „რუსთავის წყლისა” და „მცხეთის წყლის“ სატარიფო განაცხადები.

„წყალთან მიმართებაშიც მიმდინარეობს მუშაობა დეპარტამენტის მიერ და დეკემბრის ბოლოსთვის ეს საკითხიც იქნება გამოტანილი სხდომაზე”, - განაცხადა შონიამ.

დღევანდელ სხდომაზე სემეკი „თელასისა” და „ენერგო პრო ჯორჯიას” 2017 წლის საინვესტიციო გეგმების შეთანხმების შესახებ მსჯელობს.