”წამლების ურეცეპტოდ გაცემის გამო აფთიაქებისთვის დაკისრებულ ჯარიმას საკმარისი პრევენციული ძალა არ აქვს”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოს ნუცა თოხაძის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა , რომ წამლების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით, აფთიაქებისთვის დაკისრებულ ჯარიმას საკმარისი პრევენციული ძალა არ აქვს.

როგორც თოხაძემ განაცხადა, აფთიაქები ურეცეპტოდ გასცემენ წამლებს, ხშირ შემთხვევაში ხდება მათი დაჯარიმება, თუმცა პირველ შემთხვევაში 500 და მეორე შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

„2013-16 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ძირითადად რეცეპტის შემოღებასთან და მასთან დაკავშირებულ თანმდევ პროცესებს ეხებოდა. ამავე პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ასევე უკავშირდება ჯარიმების გამკაცრებას უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობაზე და ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევაზე. წესების დარღვევისას ბევრ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა. ხშირ შემთხვევაში წამლები რეცეპტის გარეშე გაიცემა, მაგრამ ყველა მათგანი, ყველა აფთიაქი არ ჯარიმდება. ალბათ საჭიროა, რომ შემთხვევით იქნას შერჩეული აფთიაქები, მოხდეს მათი შემოწმება და უფრო მეტად გაიზარდოს ჯარიმის ოდენობა. დღეს ჯარიმა არის პირველ ჯერზე 500 ლარი, მეორე ჯერზე - 1000 ლარი და როგორც ჩანს, ჯარიმის ამ ოდენობას საკმარისი პრევენციული ძალა არ აქვს“, - განაცხადა ნუცა თოხაძემ.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, რომ შემოღებული იქნას ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რაც მთელ საქართველოში უნდა დაინერგოს.