რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით კვლავ 30 მილიონი ლარი აიღო

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და ლარი კვლავ უფასურდება, მთავრობა უხეშად აგრძელებს არასწორ კურსს და არღვევს ბიუჯეტის შესახებ კანონს.

”დღეისთვის, ლიმიტს, რომელიც კანონითაა დადგენილი, მთავრობამ 170 მილიონი ლარით გადააჭარბა. ამას ემატება ის ხარჯები, რომელიც ნაშთებიდან გაიწევა და მთლიანობაში დაახლოებით 300 მილიონი ლარის დეფიციტური ხარჯვაა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასების მატებაზე. თუ გავითვალისწინებთ ამ უკანონოდ აღებული შიდა ვალს - 170 მილიონ ლარს, ვნახავთ, რომ შემოსავლების მობილიზება დარჩენილ პერიოდში უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მილიარდი ლარი. რაც წარმოუდგენილია. რომც შემოვიდეს ეს თანხა დეკემბრის ბოლო რიცხვებში, ეკონომიკაში და მიმოქცევაში ბუნებრივია ასე სწრაფად ვერ გავა. ამას ემატება ისიც, რომ კვლავ მილიარდ 270 მილიონი გასცა ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების სესხის სახით. ეს ერთი მილიარდით მეტია, ვიდრე ზაფხულის დასაწყისში იყო. რეფინანსირების სესხებს აქვს თავისი დადებითი ეფექტი, რაც ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში გამოიხატება, თუმცა, როგორც ჩანს, ბანკებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან გუშინ სახაზინო ვალდებულებებზე (52 მილიონ ლარზე) განაცხადი შეიტანეს, ანუ მზად იყვნენ მთავრობა დაეფინანსებინათ ამ თანხით”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა ვალი, რომელიც კომერციული ბანკებიდანაა აღებული, მილიარდ-ნახევრით გაიზარდა, ხოლო სახაზინო ვალდებულებებიდან ემიტირებულმა თანხებმა 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.