"გამიჭირდება ახლა კომპანიამ დაასახელოს, გაიზრდება თუ შემცირდება ტარიფი, ეს დამოკიდებულია სემეკზე"

გამიჭირდება ახლა კომპანიამ დაასახელოს გაიზრდება თუ შემცირდება ტარიფი, ეს დამოკიდებულია სემეკზე , - ამის შესახებ ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ რეგულირების მენეჯერმა ილია მათიაშვილმა სემეკში განაცხადა, სადაც კომისიამ ,,ენერგო პრო - ჯორჯიას” საინვესტიციო გეგმის შესახებ იმსჯელა.

,,ინვესტიცია ეს არის თავისთავად ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი. ჩვენი ქსელიდან გამომდინარე, ალბათ, მეტი ინვესტიციაა საჭირო, თუმცა ჩვენ ვეცადეთ და ისეთი მოცულობის ინვესტიცია წარმოვადგინეთ სემეკში, რომელიც მნიშვნელოვნად არ აისახება ტარიფზე და მოსახლეობას არ დააწვება”, - განაცხადა მათიაშვილმა.

მისივე თქმით, სატარიფო განაცხადი არ ითვალისწინებს კონკრეტული ციფრის მოთხოვნას.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ყოველწლიურად კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება ახლა კომპანიამ დაასახელოს, გაიზრდება თუ შემცირდება, ეს დამოკიდებულია სემეკზე. შესაბამისად, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა მათიაშვილმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების მოცულობა არის მეტი, ვიდრე იყო წინა წელს, თუმცა ,,ეს აუცილებელია და კომპანია ეცადა, ისეთ ჩარჩოებში გაეკეთებინა ინვესტიციები, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვნად ტარიფს არ გაუძვირებდა”.

,,რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცით, რომ ბევრად მეტი ინვესტიციაა გასაკეთებელი. ჩვენ ვეცადეთ ჩავტეულიყავით იმ მარჟაში, რომ ეს ბევრად არ შეხებოდა ტარიფს. შეგვეძლო მეტიც ყოფილიყო ინვესტიცია, თუმცა იმდენი არ წარმოვადგინეთ”, - განაცხადა ილია მათიაშვილმა.