ინფრასტრუქტურული პროექტები 450 მილიონი ევროთი დაფინანსდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე. მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება 450 მილიონი ევროს ღირებულების დაფინანსების პაკეტს, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს სამინისტროს. აღნიშნული თანხა 50%-ით ზრდის ბანკის პორტფელს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ბანკის პოზიტიური დამოკიდებულების დასტურად.