მიწის ბაზრის განვითარების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიასა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს პარლამენტიდან იუწყებიან, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და დაახლოების თაობაზე, გამოცდილების გაზიარების და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება აგრარულ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას დაეთმო. მხარეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის ბაზრის განვითარება, სხვადასხვა პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ლიტვის სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკების გადმოღება საქართველოში, ექსპერტების გაცვლა და სხვა.

„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენთვის საინტერესოა ლიტვის გამოცდილება აგრარულ სფეროში. ეს ეხება იქ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, როგორიცაა კოოპერატივებისა და მიწის ბაზრის განვითარების მიმართულებები, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აჩენს უცხოელი ინვესტორებისთვის. ვინაიდან ლიტვა არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების თვალსაზრისით, ჩვენ გვინდა, რომ ეს პრაქტიკა საქართველოშიც მაქსიმალურად გავიზიაროთ, რათა სოფლის მეურნეობის ინვესტიციების თვალსაზრისით, საქართველოც ასევე გახდეს მიმზიდველი ქვეყანა“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ.