„თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017 წლის საინვესტიციო პროექტები შეთანხმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2016-2017 წლების საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელა.მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „თელასის“ მიერ 2017 წელს განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 28 739 368 ლარით განისაზღვრა, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2017 წელს განსახორციელებელი ინვესტიციები - 51 475 053 ლარით.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში სს „თელასი“ 30 საინვესტიციო პროექტს განახორციელებს. მათ შორის უზრუნველყოფს 35კვ ძაბვის ქვესადგურის ე.წ. „თეცის“ მშენებლობას, ძალოვანი მოწყობილობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველსაყოფად საჭირო სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოებს.

2017 წელს სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 71 საინვესტიციო პროექტს განახორციელებს. მათ შორის უზრუნველყოფს 110/35 კვ ძაბვის ქვესადგურების, 0.4 კვ ძაბვის ქსელის, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას, 6/04 კვ ძაბვის ტრანსფორმატორების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოებსა და გაუმრიცხველიანებელი სოფლების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

2016 წელს სს „თელასმა“ 18 575 135 ლარის ინვესტიცია და 24 საინვესტიციო პროექტი განახორციელა.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2016 წლის განმავლობაში 71 საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანიის 2016 საინვესტიციო მოცულობამ 37 716 948 ლარი შეადგინა.