საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მოქალაქე იგორ ასკაროვის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.

კერძოდ, ასკაროვის საცხოვრებელი სახლიდან საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო 2724 ერთეული უაქციზო არაყი „მეჯიკ კრისტალი“. საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით აწარმოებს.

”ყველა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებულია კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აუქციონზე შეძენილ პროდუქციას - აუქციონზე რეალიზებული იყო არაპირდაპირი მოხმარებისთვის, გადამუშავებისათვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელი, რაც უვარგისია მოხმარებისთვის აღნიშნული სახით და პროდუქციის რეალიზაცია - გასხვისება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ტექნოლოგიური გადამუშავების და აქციზური მარკით ნიშანდების შემთხვევაში. იგორ ასკაროვი ფალსიფიცირებული არყის რეალიზაციას ახდენდა ყოველგვარი გადამუშავებისა და აქციზური მარკის გარეშე, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.