„რეზონანსი" - ყოველი მეშვიდე მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდება

ასი ათასობით ადამიანი საყოველთაო დაზღვევის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებაა, რომელიც კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს შეეხება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. სპეციალისტები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა დაგვიანებულს უწოდებენ.

535 ათასი ადამიანი, რომელიც კერძო დაზღვევის პარალელურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობდა, სამომავლოდ იგივე მომსახურეობას ვეღარ მიიღებს. მათ არჩევანის გაკეთება ერთ რომელიმე მომსახურებაზე მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქის დაზღვევაზე სახელმწიფო აღარ იზრუნებს.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებული მოქალაქეები საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს მეორე საკითხზე - ჯანდაცვის დაფინანსების მოქალაქეთა შემოსავლებზე "მიბმა".

"ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში ამბობს: "ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე", - აი, ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძო სტრუქტურაში და ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი, ეს გაიმიჯნება", - განაცხადა ზოიძემ.

დაზღვეულების გამიჯვნას, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" დამფუძნებელი სერგო ჩიხლაძე სამართლიან, თუმცა დაგვიანებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი აზრით, ამ ორი სეგმენტის დაზღვევის გადახედვა აუცილებელი იყო და ახლო მომავალში სხვა საჭირო ღონისძიებების განხილვაც უნდა დაიწყოს.

"ეს განცხადება ცოტა დაგვიანებულიცაა, უფრო ადრე უნდა მოეყვანათ სისრულეში. ჩვენ დიდი ხანია, მთავრობას ვურჩევთ ამ საკითხების მოგვარებას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, გადაიფაროს საბიუჯეტო გადახარჯვა, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება. ძალიან კარგი, თუმცა დაგვიანებული ქმედება, მაგრამ ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობა ჰქვია.

პარალელურად გასატარებელია სხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, საჭიროა, გადაიხედოს თანაგადახდის პრინციპი - 70-30-ზე. ოპერაციის ხარჯის 30% ზოგიერთისთვის საკმაოდ დიდი თანხაა, რასაც ვერ უმკლავდებიან. ჩემი რეკომენდაცია ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ის, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები აქტიურად ჩაერთონ პროგრამაში, რადგან ისინი ბევრად უფრო ეფექტურად გააკონტროლებენ იმ ხარჯს, რომელსაც დღეს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიხლაძემ და სამომავლო ცვლილებებზე, რომელიც შესაძლოა ისევ დაგეგმოს მთავრობამ, კომენტარისგან თავი შეიკავა.

"ძნელია იმის თქმა, თუ რა იგეგმება სამომავლოდ. ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ინფორმაცია გარკვეული მედიკამენტების უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით და სხვა მსგავსი განცხადებები, რომლებიც ისევ განცხადების დონეზე დარჩა. ამგვარ წამოსროლილ ფრაზებს ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ასე რომ, სჯობს, დაველოდოთ უკვე გადაწყვეტილ ცვლილებებს, რადგან რთულია ვიმსჯელოთ ზოგად განცხადებებზე, რომელსაც განხორციელება არ უწერია", -აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გიორგი გიგოლაშვილის აზრით, საჭიროა გაკეთდეს განცხადება იმის თაობაზე, რომ კერძო დაზღვევის დაკარგვის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც აღარ სარგებლობდნენ საყოველთაო დაზღვევით, არ დარჩებიან მომსახურების გარეშე.

"აუცილებლად უნდა დადგინდეს, რამდენად მყარია კერძო კომპანიებში დაზღვეულების სამუშაო მოკლევადიან პერსპექტივაში. არის თუ არა გარანტია იმისა, რომ მათ ექნებათ იმავე ანაზღაურების სამსახური მომავალშიც და ამასთან ერთად დაზღვევაც. თუკი ისინი სამსახურს დაკარგავენ, ხომ არ აღმოჩნდებიან ყოველგვარი მომსახურების გარეშე? არ ვამბობ, რომ მიუღებელია ხელისუფლების ინიციატივა, პირიქით, მისაღებია, რადგან არ უნდა სარგებლობდეს ყველა ერთნაირად. პირველ რიგში, სადაზღვევო პოლისის დაფარვა არ უნდა იყოს იმაზე ცუდი, ვიდრე არის ეს საყოველთაო ჯანდაცვაში და მეორე - თუკი ადამიანი დაკარგავს კერძო დაზღვევას (მაგალითად, აღარ ექნება სამსახური და შემოსავალი) პრობლემა არ უნდა შეექმნას ისევ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მხრივ. ასეთი პრინციპით თუ იმოქმედებენ, მაშინ ნორმალურია", - განუცხადა "რეზონანსს" გიგოლაშვილმა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ადამიანებისა და კერძო კომპანიებში დაზღვეულების გამიჯვნას, კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია არ ეთანხმება. მისი აზრით, ეს ზედაპირული გადაწყვეტილებაა. ზოგ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვა უფრო კარგ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, ვიდრე კერძო დაზღვევა. ზოგ შემთხვევაში კი მომხმარებელი ორივეს პაკეტს აერთიანებს.

"ამაზე კი, როგორც ჩანს, მთავრობაში არავის უფიქრია და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. იძულებითი არჩევანის წინაშე ადამიანთა დაყენება არ შეიძლება. გამიჯვნა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტს სოციალურად დაუცველს გახდიან. ეს არის შანტაჟი და ზედაპირულად მიღებული გადაწყვეტილება.

საინტერესოა კიდევ ერთი რამ - თუ ახლა ამას ამბობენ, სად იყვნენ წინა წლებში? რატომ არ გამიჯნეს მანამდე? შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ძალიან სამწუხარო საკითხთან, რომელიც უკვე დარგობრივ სივრცეს სცდება. ეს არის პოლიტიკური მდგენელი და სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პოპულიზმი", - განაცხადა გამზარდიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"