აუდიტის სამსახურმა 2013-2015 წლებში სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერად განკარგვისა და საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2013-2015 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა 32 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერი განკარგვის, 44 მლნ ლარის საბიუჯეტო რესურსის არაეფექტიანი განკარგვის, 150 მლნ ლარის დარღვევით განხორციელებული შესყიდვების, 39 მლნ ლარის არაეკონომიური და 166 მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები.

”ბოლო სამი წლის განმავლობაში სას-მა გაზარდა აუდიტორული საქმიანობით ბიუჯეტის დაფარვა და დღესდღეობით ჩვენი საქმიანობა ფარავს სახელმწიფო ბიუჯეტის 90%-ს, რაც 9 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში სას-მა ჯამში 745 რეკომენდაცია გასცა და გაზარდა შემოწმებული სფეროების რაოდენობაც. 2013-2015 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა 32 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერი განკარგვის, 44 მლნ ლარის საბიუჯეტო რესურსის არაეფექტიანი განკარგვის, 150 მლნ ლარის დარღვევით განხორციელებული შესყიდვების, 39 მლნ ლარის არაეკონომიური და 166 მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები. სას-ის მიერ განხორციელებული აუდიტების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვები შესაძლებელია გამოვყოთ, როგორც კორუფციის რისკის შემცველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა, რის საფუძველზეც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე შესყიდვების სისტემა მივიღეთ, ყველა ნაკლოვანების ძირეულად აღმოფხვრა და კორუფციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სას-ის მიერ შესყიდვების სფეროში განხორციელებულმა აუდიტებმა ცხადყო, რომ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებია შესყიდვების განხორციელების ყველა სტადიაზე, განსაკუთრებით დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3 მლრდ ლარს გადააჭარბა”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ საჯარო სექტორში არსებული კორუფციის გამოვლენისა და პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობა.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს, მისი სურვილის შესაბამისად კონფიდენციალურობის დაცვით, გაგვიზიაროს მის ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო ფინანსების სფეროში არსებული კორუფციის შესახებ. თითოეული შეტყობინება, ანალიზის შემდგომ, გახდება აუდიტისთვის მნიშვნელოვანი თემების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.

კორუფციის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სას-ი აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მუდმივად ზრუნავს საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვაზე“, - აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.