სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარებისათვის საქართველო 450 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს იან ვაპავუორს შეხვდა.როგორც  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, EIB-ის მიერ გამოყოფილ დაფინანსებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იქიდან გამომდინარეც, რომ სივრცითი მოწყობა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. დაფინანსების უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია EIB-ის რეგიონული ოფისის ფუნქციონირება საქართველოში, რაც ბანკის საინვესტიციო საქმიანობისა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის შემდეგ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის, დაფინანსების გამოყოფის შესახებ, ხელშეკრულებები გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპავუორიმ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს. ევროპის საინვესტიციო ბანკი 250 მილიონ ევროს ახალი გზების მშენებლობისა და არსებული პრიორიტეტული გზების განახლებისთვის გამოყოფს; 100 მილიონ ევროს - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლებისთვის; ხოლო 100 მილიონ ევროს - სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქტების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, გრძელვადიანი, ხელსაყრელი პირობებით დაფინანსებისთვის.