„რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა საგადასახადო სისტემაში ცვლილებების ამოქმედებამდე“

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა სემინარი „რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა საგადასახადო სისტემაში ცვლილებების ამოქმედებამდე“ გამართა. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, სემინარის ჩატარება „ესტონური მოდელის“ შესახებ ხშირად დასმული კითხვების გამო გადაწყდა.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ფუნქციონირებს ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი, რომლის ორი სხდომა უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობენ აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები, იურისტები და პალატის წარმომადგენლები. სწორედ ამ კომიტეტის ფარგლებში წამოვიდა ინიციატივა, რომ ჩატარებულიყო მსგავსი ტიპის სემინარი, ვინაიდან ბიზნესსექტორის შეკითხვები ამ ბოლო, ძირითადად, „ესტონურ მოდელს“ ეხება. ეკონომიკურ-სამართლებრივი საკითხთა კომიტეტის ფარგლებში კიდევ განიხილება რამდენიმე კანონპროექტი, მიდის მსჯელობა, შემდეგ კომიტეტი ხვდება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მასთან ერთად განიხილავს კანონპროექტებს“, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო მაქაცარიამ.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი სემინარები სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც ბიზნესს აინტერესებს, მომავალშიც გაიმართება.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს წამყვანი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა. გარდა „ესტონური მოდელისა“, ღონისძიების ფარგლებში განიხილეს „ბუღალტრული აღიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონი, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდება.