საია - კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევის " მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით" შედეგების პრეზენტაცია გამართა. როგორც საია-ს წევრმა სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა ეხება სახელმწიფოსა და შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, "ინტერნეიშენალ ივენთს" თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით გადაეცა.

როგორც სალაძემ განმარტა, შპს "ინტერნეიშენალ ივენთის" მეწილეები, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ.

საია-ს კვლევის შედეგად, კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" სახელმწიფოს წინაშე 700 000 ლარზე მეტი ჰქონდა დავალიანება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. დღეისათვის ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს.

"კომპანია 2011 წლიდან მოყოლებული არ იხდის თბილისის საკონცერტო დარბაზის მართვის საზღაურს. ამასთან, როგორც საიასთვის გახდა ცნობილი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დიდი სცენის ერთი დღით დაქირავების საფასური 15000 ლარიდან იწყება, ხოლო ივენთ ჰოლის - 6 000 ლარიდან. გარდა ზემოთხსენებულისა, "ინტერნეიშენალ ივენთსი" სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. კომპანიამ ვერ უზრუნველყო 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის სრულად განხორციელება, კომპანიის მიერ დროულად არ ხდება შესაბამისი ანგარიშების სახელმწიფოსთვის წარდგენა. კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება თბილისი, გაბაშვილის ქ.#1 მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ამავდროულად მიხეილ გიორგაძის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ მინისტრი ფორმალურად არის ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად მას დღემდე გააჩნია ინტერესები "ინტერნეიშენალ ივენთში" - ნათქვამია კვლევაში.

საია-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და "ინტერნეიშენალ ივენთსის" მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ, შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება.

როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2013 წელს, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო, აღნიშნულ კომპანიას გადაუგზავნა შეტყობინება, დაეფარა თანხა. ამის შემდეგ ანალოგიური მოთხოვნა გაეგზავნა თუ არა კომპანიას, საია-სთვის უცნობია.