მიხეილ გიორგაძე აპირებს, "ინტერნეიშენალ ივენთსს" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპირებს, "ინტერნეიშენალ ივენთსს" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს. ”რუსთავი 2”-თან საუბარში მიხეილ გიორგაძემ დაადასტურა, რომ გაბაშვილის ქ. #1-ში მდებარე ბინა მას ეკუთვნის და განმარტავს, რატომ არის დღემდე ამ მისამართზე რეგისტრირებული შპს"ინტერნეიშენალ ივენთსი".

”ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია. წარმოიდგინეთ, 2005 წელს, აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე. როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ ამ ბინაში და ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არავის გახსენებია ეს ფორმალური საკითხი.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზს აუცილებლად გავასწორებ და გავაუქმებ რეგისტრაციას”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევის " მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით" შედეგების პრეზენტაცია გამართა.

მათი ინფორმაციით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთსი" სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დღეისათვის სახელმწიფოსადმი ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს.

”კომპანიამ ვერ უზრუნველყო 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის სრულად განხორციელება, კომპანიის მიერ დროულად არ ხდება შესაბამისი ანგარიშების სახელმწიფოსთვის წარდგენა.

კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება თბილისი, გაბაშვილის ქ.#1 მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ამავდროულად მიხეილ გიორგაძის საკუთრებას წარმოადგენს”, -ნათქვამია კვლევაში.