ფაქტ-მეტრი: ნოდარ ხადური ნახევრად მართალია, ხოლო ბიუჯეტის გარღვევა - 749 მლნ ლარი

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) პროექტი, FactCheck-ი პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის თუ უზუსტობების დადგენის სტატისტიკას აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტებზე, 20-დან 28 იანვრამდე, რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთი სტატია - ფინანსთა მინისტრის, ოთხი კი პარლამენტის წევრების განცხადებებს ეხებოდა.

გადამოწმებული გამონათქვამებიდან, ფაქტ-მეტრის მონაცემებით, სამი განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა, ერთი ნახევრად სიმართლედ, ხოლო ერთი კი - მცდარად.

ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე სტატიის მნახველთა რაოდენობის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ვახტანგ ლემონჯავას განცხადება იყო, რომელშიც დეპუტატი აცხადებდა: "9 თვის შემდეგ საქონელსა და მომსახურებაში 57%-იანი დაფინანსებაა, როცა მთლიანად 73%-ია დაფინანსებული. ეს არის ფაქტიურად სეკვესტრი, უბრალოდ გაურბიხართ ფრაზის – "სეკვეტრის" დაფიქსირებას და გარდამავალ პროექტებში გადაგაქვთ თანხები, ფაქტიურად, ასე 700 მილიონი არის ბიუჯეტში დანაკლისი".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ფაქტის სიზუსტე გადაამოწმა. გაირკვა, რომ დეპუტატის განცხადება საქონელსა და მომსახურების 57%-ით დაფინანსებასთან დაკავშირებით ზუსტია. ამას მოწმობს საქართველოს ბიუჯეტის 9 თვის საკასო შესრულება. მთლიანი დაფინანსება კი 60%-ით არის შესრულებული, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე დეპუტატის მიერ დასახელებული 73%. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, (3 კვარტალი) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 749 მლნ. ლარის გარღვევაა, რაც მთლიანობაში თანხვედრაშია დეპუტატის განცხადებასთან.

"სეკვესტრის კლასიკური განმარტების მიხედვით და 3 კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტ-მეტრი მოერიდებოდა ტერმინ "სეკვესტრის" გამოყენებას, თუმცა, ვახტანგ ლემონჯავას განცხადების პათოსი, რომ მთავრობა ვერ ახორციელებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმის მიხედვით შესრულებას, სავსებით მართებულია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე", - ნათქვამია კვლევაში.

ფაქტ-მეტრმა ნახევრად სიმართლედ შეაფასა ნოდარ ხადურის განცხადება, რომლის თანახმად: "2013 წელს, პირველად საქართველოში, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა, ამის პრეცედენტი არ გვქონია".

კვლევის შედეგად გადგინდა, რომ 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე 681,213 მლნ ლარი გამოიყო. 2012 წელს აღნიშნული თანხა 373,830 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2013 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 307,383 მლნ ლარით ანუ 1,8-ჯერ გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 2013 წელს, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჯანდაცვის ბიუჯეტის ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება.

2013 ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევის გაფართოებამ განაპირობა, რომლის ბიუჯეტიც 505.760 მლნ ლარით განისაზღვრა. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე გათვალისწინებული თანხა ბოლომდე არ გაიხარჯა და 2013 წელს 197.76 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა. შესაბამისად, ჯანდაცვის რეალური ბიუჯეტი დაახლოებით 1,3-ჯერ გაიზარდა და არა ორჯერ, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი აცხადებდა.

FactCheck-მა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ის განცხადებაც გადაამოწმა, სადაც დეპუტატი აღნიშნავდა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის უკვე 17000-მდე მშობიარობა იყო დაფინანსებული.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის თანახმად, 23 დეკემბრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სულ 16 924 მშობიარობაა დაფინანსებული, აქედან ფიზიოლოგიური მშობიარობა – 11 261 შემთხვევა, საკეისრო კვეთა – 5 663.

FactCheck-ის განცხადებით, დეპუტატი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ 17000-მდე მშობიარობა დაფინანსდა, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, ეს თანხა მშობიარობის მთლიანად დასაფინანსებლად ყოველთვის საკმარისი არ არის და მოქალაქეებს რიგ შემთხვევებში მაინც უწევთ თანხის საკუთარი ჯიბიდან გადახდა. ფაქტ-მეტრმა დიმიტრი ხუნდაძის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეაფასა.

განსახილველ პერიოდში FactCheck-ის გუნდმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე ნოემბერში დაწერილი სტატია განაახლა. 2013 წლის ოქტომბერში ვაშაძე აცხადებდა, რომ სოფლებში გაზიფიცირება, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაჩერებული იყო.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წელს საქართველოს რეგიონებში 65,401 ახალი აბონენტის დამატება იყო დაგეგმილი. პირველი ნოემბრის მონაცემებით (იმ დროს, როდესაც ვაშაძემ განცხადება გააკეთა), 31,109 ოჯახის გაზიფიცირება იყო დასრულებული, რაც წლიური გეგმის თითქმის ნახევარს შეადგენდა. გასული წლის ბოლოს ფაქტ-მეტრი კვლავ მიუბრუნდა გაზიფიცირების საკითხს.

გაირკვა, რომ 2013 წლის სრული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქსელში ჩართვის საშუალება 57,733 აბონენტს მიეცა.

ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, 2013 წლის 10 თვისა და მთელი წლის სტატისტიკურ მონაცემებს შორის ასეთ დიდ სხვაობას ყოველთვიური სტატისტიკის წარმოებაში არსებული ხარვეზები იწვევს. გაზიციფირებაზე პასუხისმგებელი კომპანიები საბოლოოდ დაზუსტებულ სტატისტიკას წლის ბოლოს წარმოადგენენ, რაც თვიურ მონაცემებთან შედარებით, შესამჩნევი სხვაობის გამომწვევია.

"შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის გეგმა (65,401 აბონენტი) ბოლომდე არ შესრულდა, თუმცა, მისი დიდი ნაწილი (დაახლ. 90 %) შესრულებულია. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ზუსტი და შესაძლებელია გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა დაზუსტების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ გაზიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა, არამართებულია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა დეპუტატი არანაირ სტატიტიკას არ ეყრდნობა.

სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ფაქტ-მეტრმა, დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადება მცდარად შეაფასა", - ნათქვამია კვლევაში.

ფაქტ-მეტრი (FactCheck) "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.