"ევროპის საინვესტიციო ბანკის მომავალი გეგმები დიდი მხარდაჭერაა პრემიერის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის"

ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც მან საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იან ვაპავურთან ერთად ხელი მოაწერა სამ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც, საქართველო, ჯამში, 450 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

მისივე განმარტებით, ბანკის მიერ ფინანსური მხარდაჭერით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სეტორში დღემდე გამოყოფილია 820 მილიონ ევროზე მეტი.

„განსაკუთარებით უნდა აღინიშნოს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა თბილისში მომხდარი სტიქიის დროს. სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მზადყოფნა განაცხადა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხების გამოყოფის შესახებ, რაც განხორციელდა და ქვეყანამ 50 მილიონი ევრო მიიღო. ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება როგორც გზის სექტორში, ენერგეტიკაში, ისე მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. დღეს ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად უკვე იწყება აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს კომერციულ ბანკებთან, რათა მათ გამოეყოთ ფინანსური რესურსები სოფლის მეურნეობის სექტორის დასაკრედიტებლად. აღნიშნული შეღავათიანი სესხები მთლიანად მორგებული იქნება სექტორის სპეციფიკასა და მოთხოვნების მნიშვნელოვნად დაკმაყოფილებაზე. ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმინობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის. განსაკუთარებით ინფრასტრუქტურის დაჩქარებისა და მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ინვესტიციების დაჩქარებას. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული პროექტები იქნება ამის კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი.

„ამასთან, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის დაგეგმილი პროექტი არის ადგილობრივი წარმოების, ბიზნესის გამოცოცხლებისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით. ასევე შესაძლებელი ხდება ადგილობრივი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირის სტანდარტების გარკვეული პირობების დაკმაყოფილებით მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე გასვლა. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის შექმნას, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და განვითარდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, „რომელთან მიმართებაში ჩვენ ყოველდღიურად უფრო ახლოს მივდივართ.“

„მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი ყოველდღე აჩვენებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ნამდვილად აისახება ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპაავურიმ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან რეკორდული მოცულობის სესხის გამოყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად ევროკომისიიდან, ხელს ვუწყობთ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განახლებას, გავაფართოებთ საგზაო ქსელს და გავაუმჯობესებთ მის ხარისხს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონების ერთმანეთთან უკეთ დასაკავშირებლად და სავაჭრო შესაძლებლობების გასაზრდელად. ასევე გავზრდით ფინანსებზე ხელმისაწვდომობას სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული კომპანიებისთვის ინვესტიციების მხარდასაჭერად ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მოსავლის აღება, სურსათის წარმოება და მარკეტინგი“, - განაცხადა იან ვაპაავურიმ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაეხმაროს საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო გარემოს გაუმჯობესებაში.