”საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ წარმატებას მიაღწია, თუმცა არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემები

საქართველოში 2004 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, თუმცა ამავე დროს არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემები , რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში შემდგომ პროგრესს აფერხებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის ხელმძღვანელმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობაში” დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეს თარიღი შესაფერისი დროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ხელისუფლებამ და არასამთავროებმა მიმოიხილონ ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებები და ის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

”საქართველოში 2004 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, მინიმუმამდე შემცირდა მწვრილმანი კორუფცია და მექრთამეობა საჯარო სერვისების სფეროში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზოგიერთ სხვა სფეროში, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში, კორუფციის რისკების შესამცირებლად, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ გაზარდა სახელმწიფო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა, დაიხვეწა კორუფციული კანონმდებლობის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიც არის თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირებისა და მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელი ნორმები. ყოველივე ამის შედეგად საქართველო დღეს რეგიონში უპირობო ლიდერია ანტიკორუფციული რეფორმების მხრივ, რასაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ამავე დროს არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში შემდგომ პროგრესს აფერხებენ”, - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ანტიკორუფციული კანონმდებლობის საერთო გაუმჯობესებისა კვლავაც პრობლემად რჩება პრაქტიკაში მისი ეფექტური აღსრულება.

”სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის ნაკლებობა ამცირებს მათ უნარს ეფექტურად გამოიძიონ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების პირობებშიც კი საჯარო სამსახური ჯერაც არ ჩამოყალიბებულა დამოუკიდებელ და პროფესიონალურ ინსტიტუტად”, - განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, მართალია მედია 2012 წლის შემდეგ მთლიანობაში უფრო პლურალისტური გახდა, მაგრამ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ძირს უთხრის მისი როგორც მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი ინსტიტუტის როლს.

”ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ ინტერესთა კონფლიქტსა და ნეპოტოზმის შემთხვევებზე, რომლებიც გამოუძიებელი რჩება. არ არსებობს კორუფციის პრევენციის ქმედითი მექანიზმები, სახელმწიფო საწარმოებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში, შეფერხდა ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღების პროცესი”, - განაცხადა ურუშაძემ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კორუფციის შემცირების მხრივ შემდგომი პროგრესის მისაღწევად საქართველოს ხელსუფლებას რეკომედაციებითაც მიმართავს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების ეფექტური მექანიზმი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მიმართულებით, უზრუნველყოს პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა და მისი დაცვა პარტიული გავლენისგან, პატივი სცეს მედიის დამოუკიდებლობას და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპს, აღმოფხვრას ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში არსებული ხარევეზები, უზრუნველყოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის სრულფასოვანი აღსრულება პრაქტიკაში, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტისა თუ ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევების სათანადო გამოძიების მხრივ, მიიღოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი და უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პრაქტიკაში. პარლამენტმა უფრო ეფექტურად შეასრულოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველი ფუნქცია.

„საერთაშორო გამჭვირვალობა“ მზად არის ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის.