1-ელი იანვრიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დაინტერესებული პირები ფიქალის ქვას და ხე-ტყეს გამარტივებული წესით მიიღებენ

2017 წლის 1-ელი იანვრიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელი გახდება ფიქალის ქვის და ხე-ტყის გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად მიღება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ადგილობრივებმა გამოთქვეს წუხილი, რომ უწევდათ ძალიან მნიშვნელოვან ბიუროკრატიასთან შეჯახება, როდესაც სურდათ გაეფართოვებიანთ საცხოვრებელი სახლი, აეშენებინათ ახალი ობიქტები და ა.შ.

„ამიტომ, დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს არის ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ფიქალის ქვა და ხე-ტყე მიიღონ გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად. ეს პროცესი მთლიანად უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ გადაწყვეტილების ბოროტად გამოყენება. მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია ეს პროცესი გავამარტივოთ, რათა ის ისტორიული იერსახე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს თუ მცირე სასტუმროებს აქვთ დღესდღეობით თუშეთში, შევინარჩუნოთ და ამავე მოდელით განვავითაროთ თუშეთის, როგორც საცხოვრებელი, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურა“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.