ლარის გადარჩენის მექანიზმები

დღეს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარის გაცვლითი კურსი, ლართან მიმართებაში 2,57-ია. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს, 2,58-ს, 2016 წლის 2 დეკემბერს მიაღწია.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან ლარის დასტაბილურებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. რა მექანიზმებითაა შესაძლებელი ლარის გამყარება მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებისთვის, ამის შესახებ Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი, ზურაბ კუკულაძე განმარტავს, რომ მოკლე ვადაში ლარის გამყარების რამდენიმე ბერკეტი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშია.

"პირველი, ეს არის, სავალუტო ინტერვენციები, მეორე-რეფინანსირების სესხების, ერთი მხრივ გაცემის შემცირება და მეორე მხრივ, მასზე საპროცენტო განაკვეთის აწევა, მესამე კი უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისა დარეზერვების კოეფიციენტის შეცვლაა," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ჩამოთვლილი ნაბიჯები ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო შეანელებს, თუმცა, მიმდინარე სიტუაციაში, გაცილებით პრიორიტეტული, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაა. ეკონომიკა მაქსიმალურად დოლარიზებულია.

გაცემული სესხების 67% დოლარშია, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას იწვევს."

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ზურაბ კუკულაძის თქმით, შესაჩერებელია ქვეყნიდან დოლარის გადინება, რასაც წარმოება და ისეთი ტიპის ბიზნესის წახალისებაა დაეხმარება, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს, რადგან იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე 80/20-ზეა. ასევე, მისი თქმით, საჭიროა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომბლობის გამოსწორება.

"საქართველოს, დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აქვს გადასახდელი.

თუ ეს ვალდებულებები ახალი ვალდებულებით ან გადავადებით არ დაბალანსდა, მომდევნო წელს ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება," - განმარტავს ის.

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძის აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, შესაძლოა, მომავალში უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, აქცენტი გრძელვადიან ეფექტებზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გავლენას საგარეო ფაქტორებიც ახდენს, თუმცა მისი დასტაბილურებისთვის საჭირო ბერკეტები მაინც ხელისუფლების ხელშია.

იხილეთ გაგრძელება