ავტოიმპორტიორთა კავშირი ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდას მიესალმება

ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოიმპორტიორთა კავშირი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმპორტიორები მიესალმებიან,  რომ ახალ და 5 წლამდე მეორად ავტომობილებზე გადასახადი არ იზრდება, უფრო მეტი ასაკის მეორად ავტომობილებზე მცირედით იზრდება, ხოლო მარჯვენასაჭიანებზე სამმაგდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ ავტოიმპორტიორთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

„შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. შეიძლება ითქვას, ამ ნაბიჯით ყინული დაიძრა და იმედია დაიწყება ყველა იმ აუცილებელი ღონისძიების განხორციელება როგორიცაა ტექდათვალიერებისა და ეკოლოგიური ნორმების ეტაპობრივი შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შენიშვნები ქონების გადასახადთან დაკავშირებით გვაქვს. შემოთავაზებული პროექტით აშკარა უპირატესობა ენიჭება ძველ (10 წლის ზემოთ) ავტომობილებს და დისკრიმინაცია ხდება ახალი, თუნდაც მცირელიტრაჟიანი ავტომობილების, რაც ჩვენის აზრით პირიქით უნდა იყოს.

„ვფიქრობთ, არ უნდა მოხდეს ძველი ავტომობილების ფლობის წახალისება. ვინაიდან ისინი დიდ ზიანს აყენებენ როგორც ბუნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენის მხრივ მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან ისე საზოგადოებასთან და უახლოეს მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ჩვენი ხედვა წარმოვადგინოთ განსახილველად.

„იმედი გვაქვს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს აზრს და სამომავლოდ აქტიურად დააყენებს დღის წესრიგში საავტომობილო სფეროს რეგულირების საკითხს, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის,“- ნათქვამია ავტოიმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.