"დისნეი" საქართველოში შემოდის - პატარების მშობლებისთვის

"ჩვენს ბავშვობაში რომ ასეთი წიგნები ყოფილიყო"... - რამდენჯერ გვითქვამს თანამედროვე, ლამაზ-ლამაზი წიგნების დანახვისას. ჩვენ უფერული და უსახური წიგნებიდანაც დიდი გატაცებით ვკითხულობდით, უკეთესი არ გვქონდა და იმიტომ. ჩვენს შვილებს კი, წიგნი ლამაზიც თუ არ არის, ვერაფრით მოაწონებ და დააინტერესებ. დიახ, საბავშვო წიგნებს დღეს ისევე მოეთხოვებათ სილამაზე და ფერადოვნება, როგორც საინტერესო შინაარსი. აზრი არა აქვს იმაზე კამათს, ეს კარგია თუ ცუდი, ასეა და, ალბათ, ასაკის მატებასთან ერთად გემოვნებაც შეეცვლებათ. ამიტომ, როცა პატარასთვის ყიდულობ, ძალაუნებურად, ფერებისა და ილუსტრაციების მიხედვით არჩევ. მითუმეტეს, სასაჩუქრედ განკუთვნილ წიგნს - დარწმუნებული უნდა იყო, რომ მის დანახვაზე ბავშვს თვალები გაუბრწყინდება და შენი მიტანილი წიგნის თვალიერებით დიდ სიამოვნებას მიიღებს.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ასეთი ემოციებით ჩემი შვილები უმეტესად საყვარელ მულტგმირებს უყურებენ. დიახ, წიგნის ფურცლებზე "გადასახლებული" მულტფილმის გმირები რაღაც სხვანაირად "ძრავს" მათ პატარა გულებს. კარგია ეს თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ წიგნებად გამოსული "ფროზენ" ელზას, ანას, პრინცესა სოფიას თუ მანქანების ახალ-ახალი თავგადასავლები ვხედავ, რომ ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს პატარებს. იმასაც ვგრძნობ, რომ ამ ფერად-ფერადი, სათამაშოებივით ლამაზი წიგნებით იწყება "ნამდვილი წიგნების" სიყვარული. ამიტომ ძალიან მომწონს წიგნის მაღაზიებში რომ დისნეის გმირებით გაფორმებული გამოცემები მომრავლდა" - ეს ერთ-ერთი დედის პასუხია, რომელსაც თანამედროვე საბავშვო გამოცემებზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ. საქმე ისაა, რომ საქართველოში კომპანია ”დისნეის” წიგნების ოფიციალური და მასტაბური გამოცემა იწყება. კომპანიის ექსკლუზიური წარმომდგენელი გამომცემლობა ”პალიტრა L გახდა, რომელის ქართული წიგნების ბაზარს ”დისნეის” ლიცენზირებული პროდუქციით მოამარაგებს. ყველაზე დიდი ხიბლი, რაც ამ პროექტს აქვს, ისაა, რომ პატარები საყვარელ პერსონაჟებზე ისეთ თავგადასავლებსაც წაიკითხავენ, რომლებიც მულტფილმში არ არის.

თინათინ ფეიქრიშვილი, მარკეტინგის მენეჯერი:

- საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა, სანამ ”დისნეისთან” შეთანხმებას მივაღწევდით. 5 წლის წინ ვითანამშრომლეთ და ერთი  სერია გამოვეცით, რომელიც ჟურნალ ”საბავშვო კარუსელთან” ერთად გაიყიდა. იმ პერიოდში მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოვიპოვეთ და მოთხოვნაც გაჩნდა, რომ სხვა გმირებზეც გამოგვეცა წიგნები. დღეს უკვე თანამედროვე გმირების თავგადასავლებს გამოვცემთ, რომლებსაც ყველა ბავშვი იცნობს და უყვარს. წაიკითხავენ მათ სრულიად ახალ თავგადასავლებს, ზოგიერთ გამოცემას ახლავს ამ გმირის ყელსაბამი, სამაჯური და სხვადასხვა სათამაშო.

- საბავშვო წიგნებში ილუსტრაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვის ეკუთვნის ამ გამოცემების ილუსტრაციები?

- ყველა ილუსტრაცია ექსკლუზიური და დისნეის ილუსტრატორების მიერაა შექმნილი. 

- ყველაზე მთავარს, ფასებს შევეხოთ...

- ფასებიც საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად არის მიღწეული და მათში გათვალისწინებულია ჩვენი მომხმარებლის შესაძლებლობები და მსყიდველუნარიანობაც. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირებას თავისი პროცედურები და ფასები აქვს, ”დისნეის” წიგნების ფასი სხვა წიგნებისგან თითქმის არ განსხვავდება.