აჭარიდან უკვე 12 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

აჭარიდან უკვე 12 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გაიტანეს.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არსებულ ორ საწარმოში 4500 ტონა არასტანდარტული ნაყოფია რეალიზებული. აჭარიდან წელს ციტრუსის 28%-ის ექსპორტი უკრაინაში, 16%-ის სომხეთში, ხოლო მცირე რაოდენობით ყაზახეთში, ბელორუსიაში, მოლდოვასა და ყირგიზეთში განხორციელდა.

„აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლების მსგავსად, სუბსიდია მხოლოდ სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინს შეეხება. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10-თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო. შესაბამისად, სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. დღეის მდგომარეობით, ქობულეთში არსებულ ორ საწარმოში 4500 ტონაზე მეტი ციტრუსის რეალიზება განხორციელდა“, - აცხადებს 2016 წლის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების ჯგუფის უფრომა კარლო კეკელიძე.

რაც შეეხება ციტრუსის ფასს, მისი ინფორმაციით, მინიმალური ფასი 50-60 თეთრი, ხოლო მაქსიმალური 80 თეთრს შეადგენს.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, გასულ წელს აჭარიდან ციტრუსის 8 084 ტონა, ხოლო წელს 12 ტონა ციტრუსის რეალიზება განხორციელდა.