ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას - უფრო ღრმად ყოფთ ხელს მოქალაქეების ჯიბეში

თუ თქვენ ასეთი ეფექტური მენეჯერი ხართ, რატომ ხართ ასეთ დაბალ ხელფასზე?! - ამ კითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი ნათელი დასტურია იმისა, რომ მთავრობა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული არაა. ”თქვენ ბიუჯეტს ზრდით ისე, რომ ეკონომიკა მოკალით და, შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების ორი წყარო გაქვთ - იღებთ კიდევ უფრო მეტ ვალს და, შესაბამისად, უფრო ღრმად ყოფთ ხელს მოქალაქეების ჯიბეში, რადგან ზრდით აქციზს, ანუ მილიონობით ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს უძვირებთ ცხოვრებას. ეს არის რაც ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს და გააჩერებს. რატომ ხდება, რომ თქვენ გაქვთ პროგრამა - წავახალისოთ მეწარმეები და ამ ქვეყანაში მეწარმეები სულ უფრო მეტად კარგავენ ბიზნესის კეთების ხალისს?! თუ თქვენ ასეთი ეფექტური მენეჯერი ხართ, რატომ ხართ ასეთ დაბალ ხელფასზე, რატომ არ მიდიხართ კერძო კომპანიებში და რატომ არ აკეთებთ დიდ ფულს თუ ასეთი მენეჯერი ხართ? რაც უფრო ნაკლებ გადასახადს ამოვიღებთ ბიზნესიდან, მით უფრო მეტ საშუალებას მივცემთ მას, რომ გაიზარდოს, განვითარდეს და ეს გაზრდის მერე ბიუჯეტში რეალურ შემოსავლებს, ეს მოგვცემს საშუალებას, გაიზარდოს პენსაიც, მეტი სოციალური დახმარებაც გაიცეს, უკეთესი ჯანდაცვაც და განათლებაც იყოს. ასეთი გამოცდილება იყო ამ ქვეყანაში, როდესაც ეკონომიკა იზრდებოდა სწრაფად და პენსიაც იზრდებოდა. ეს გამოცდილება გვაქვს და ამიტომ ამას უნდა ჩახედოთ, რა და როგორ ხდებოდა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა გადასახადებმა დაიწიოს. ”ფული უნდა დარჩეს ხალხში. კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკი იზრდება, როდესაც ვიღაც ბიუროკრატმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ფული რომელ კომპანიას მისცეს. რაში გჭირდებათ ამხელა ჩალიჩი? ჩავტოვოთ ეს ფული ხალხში. გადასახადები დავწიოთ. ამ ბიუჯეტით თქვენ დადექით ასეთი დილემის წინაშე - ეკონომიკური ზრდა, თუ იქნებ როგორმე დავიკავოთ ლარი. თქვენ არჩევნი ”როგორმე დავიკავოთ ლარზე” გააკეთეთ, თქვენ ეკონომიკურ ზრდაზე არ ფიქრობთ. სხვათა შორის ვერც ლარს დაიჭერს ეს ბიუჯეტი, რადგან ლარის გამყარების ერთადერთი საშუალება ეკონომიკის ზრდაა”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.