პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამერიკის ელჩმა შრომითი უფლებების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.როგორც  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან იუწყებიან, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში შრომითი უფლებების, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობა.

„ირაკლი პეტრიაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს ამერიკის მთავრობის, მათ შორის, ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ გაწეული და მიმდინარე დახმარებისთვის, რაც გულისხმობს საქართველოში შრომის უფლებების მიმართ პატივისცემის გაზრდას, შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველი ინსტიტუტების გაძლიერებასა და სოციალური დიალოგის მხარდაჭერას.

შეხვედრისას ხაზი გაესვა სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მნიშვნელობას და სახელმწიფო და კერძო საწარმო-დაწესებულებებში პროფკავშირული აქტივისტების დევნის ფაქტების შეწყვეტის აუცილებლობას.

პროფკავშირების ინფორმაციით, ამერიკის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა აღნიშნული პრობლემების გადაჭრისთვის ამერიკის მთავრობის ძალისხმევის გასაგრძელებლად. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკის ხელისუფლების პრიორიტეტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა, რისი განუყოფელი ნაწილიცაა მშრომელთა უფლებების და ინტერესების ეფექტური წარმომადგენლობა და დაცვა“, - აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.