რომან კაკულიას აზრით, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული ვადა უნდა გადაიხედოს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრით, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა უფრო გონივრულ ვადებში უნდა მოხდეს.

“ბევრ ადამიანს უკვე აქვს შეთანხმება დილერებთან. ყველა ვთანხმებით, რომ ვადას გადახედვა სჭირდება. არიან ადამიანები, რომელთაც მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც უკვე გაკეთებული ჰქონდათ შეკვეთა. არ იქნება სამართლიანი დე-ფაქტო დავაყენოთ იმ რეალობის წინაშე, რომ იმაზე მეტი თანხა გადაიხადონ, ვიდრე მათ დაგეგმილი ჰქონდათ. დილერებთან გაირკვევა, რა არის ის მაქსიმალური ვადა, როცა ისინი შეკვეთას მიიღებენ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ.

“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, შემუშავებულია ავტომობილზე აქციზის განაკვეთები, რაც ძველი ავტომობილებისთვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთს გულისხმობს.

ამასთან, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრება სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით. გარდა ამისა, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისთვის “საგადასახადო კოდექსით“ განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდება 60%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-სა.

პროექტის თანახმად, გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1-ელი დეკემბრისა.