"2017 წლისთვის გარკვეულწილად ფასების მატება შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდენლი არ არის"

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის აზრით, 2017 წლისთვის გარკვეულწილად ფასების მატება შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ნავთობპროდუქტზე აქციზის განაკვეთების გაზრდას შედეგად პროდუქტების გაძვირება მოჰყვეს, კოვზანაძემ შემდეგი განმარტება გააკეთა: - გარკვეულწილად ფასების მატება შეიძლება იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს ქვეყანაში დაბალია ინფლაცია, ჩვენ და ცენტრალური ბანკიც ვფიქრობთ, რომ წლიური ინფლაცია 4%-ის ფარგლებაში იქნება. მნიშვნელოვანი ფასების ზრდა საქართველოში მოსალოდნელი არ არის.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია ნავთობპროდუქტზე და ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის განაკვეთების ზრდა. კერძოდ, 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე.