არჩილ თალაკვაძე - საქართველოში სათამაშო ბიზნესი საერთაშორისო კონკურენციის თვალსაზრით არათანაბარ პირობებშია, რაც უნდა გამოსწორდეს

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოში არსებული სათამაშო ბიზნესი საერთაშორისო კონკურენციის თვალსაზრით არათანაბარ პირობებშია, რაც უნდა გამოსწორდეს.

თალაკვაძემ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ ლიცენზირების რეჟიმში მოექცნენ ის კონკურენტი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებენ და მომხმარებელს საქართველოშიც ეძებენ.

“ვფიქრობ, როდესაც ამ სეგმენტისათვის გადასახადების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად კიდევ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სალიცენზიო სისტემას და ჩვენი სალიცენზიო სივრცის დაცვას. სათამაშო ბიზნესი, რომელიც ქვეყანაშია, არის ლიცენზირების რეჟიმში და პლუს კონკურენციის რეჟიმშია სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან, მაშინ, როდესაც ის კომპანიები, რომლებიც საქართველოშიც ახორციელებენ მომხმარებლების მიზიდვას, არ ექცევიან სალიცენზიო სივრცეში. ჩვენი საკუთარი ბიზნესი არათანაბარ პირობებშია საერთაშორისო კონკურენციის თვალსაზრით. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესი დავიცვათ ამ სფეროში კიდევ უფრო უკეთესი ადმინისტრირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა, რომლითაც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები იზრდება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, თითოეული სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა განსაზღვრულია კვარტალში 15000-დან 30000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება 20 000-დან 40 000 ლარის ჩათვლით.

თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებლის განაკვეთი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია 1500-დან 3000 ლარის ჩათვლით. ცვლილების შესაბამისად, განისაზღვრება კვარტალში 2 000-დან 4 000 ლარის ჩათვლით.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი დღეის მდგომარეობით არის 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება კვარტალში 100 000-დან 120 000 ლარის ჩათვლით.

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე მოსაკრებლის განაკვეთია კვარტალში 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება 1500-დან 20 000 ლარის ჩათვლით.

თითოეულ კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში არის 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება 4 000-დან 14 000 ლარის ჩათვლით.