დიმიტრი ხუნდაძე - ოპტიმიზაცია კადრების შემცირებით არ უნდა დაიწყოს

ოპტიმიზაცია კადრების შემცირებით არ უნდა დაიწყოს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის მიერ გაცხადებულ ოპტიმიზაციაზე საკუთარ პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ კადრების შემცირება ოპტიმიზაციის ბოლო ეტაპი უნდა იყოს.

„მივესალმები საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ ახალ სტრატეგიას. ამ საკითხის შესახებ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საბიუჯეტო თანხების მაქსიმალური დაზოგვა უნდა მოხდეს. ოპტიმიზაცია, ალბათ, ყველა სფეროში განსახორციელებელია, მაგრამ ეს პროცესი უნდა წარიმართოს სწორად. საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა პირველ რიგში ხარჯების შემცირებით, მათ შორის, საპრემიო და სახელფასო დანამატების კლებით უნდა მოხდეს. მესმის, რომ დღეს დიდია საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კადრების შემცირება ოპტიმიზაციის ბოლო ეტაპი უნდა იყოს. მანამდე ყველანაირი გზა უნდა მოიძებნოს, რომ ამ მტკივნეულ თემას ნაკლებად შევეხოთ. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და ის გარემოება, რომ კერძო სექტორი დამატებით სამუშაო ადგილებს დღეს საზოგადოებას ვერ სთავაზობს. გამოდის, რომ უმუშევართა რაოდენობა გაიზრდება და, სავარაუდოდ, გაიზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და მიგრაციის სალდოც. ხშირ შემთხვევაში ოჯახიდან ერთი პირი არის დასაქმებული. გარდა ამისა, საჯარო მოხელეების უდიდეს ნაწილს აქვს კერძო დაზღვევა, რაც დღეს დიდწილად დანაზოგია ბიუჯეტისთვის. თუკი ხვალ მათი ნაწილი უმუშევარი აღმოჩნდება, რომელთაც სამაგიეროს ვერაფერს ვთავაზობთ, ისინი ყველანი საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარები აღმოჩნდებიან. ანუ, გამოდის, რომ ერთი მხრივ დაზოგილი ბიუჯეტი, მეორე მხრივ, მაინც ბიუჯეტურ ხარჯვას გამოიწვევს. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ოპტიმიზაციის პროცესის დაგეგმვა. ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი სწორად და უმტკივნეულოდ ჩაივლის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.