საქართველოში ტაქსის ტარიფის 30-50%-იანი გაძვირებაა მოსალოდნელი

ავტომობილებსა და საწვავზე აქციზის ახალი გადასახადის დაწესება, ლარი-დოლარის კურსის ცვლილება, ავტომობილების შეკეთების ხარჯების ზრდა და ტაქსებზე რეგულაციების შემოღება - ამ მიზეზების ერთობლიობა ტაქსების მომსახურების ღირებულების 30%-დან 50%-მდე ზრდას გამოიწვევს. ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განაცხადა.

"2017 წელს 30%-იან ზრდას უნდა ველოდოთ. ხოლო თუ ტაქსების რეგულაციები ამოქმედდება, გაძვირება 50%-ს მიაღწევს," - განმარტავს მესხიშვილი.

მესხიშვილი ეხმაურება "იანდექს ტაქსის" წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში შეტანილ სარჩელსაც.

"იანდექს ტაქსთან" დაკავშირებით კითხვის ნიშნები ყოველთვის არსებობდა. ცხადია, რომ რუსულ კომპანიას რაღაც ინტერესი აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ტაქსის მძღოლებს აგენტებად იყენებდნენ. მე არ ვიცი რა ხდება ამჯერად, მაგრამ ამ კომპანიის საქმე ნამდვილად გამოსაძიებელია. ის ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობს კონკურენტების ჩაძირვას. საწვავზე ფასები იზრდება, მაგრამ "იანდექსი" მომსახურებას არ აძვირებს. ტაქსის სხვა კომპანიებს კი იმავე ფასის შენარჩუნება უჭირთ.

საინტერესოა, რა მოხდება 2017 წელს, როცა ბევრი ისეთი სიახლე შევა ძალაში, რომელმაც ტაქსების მომსახურების ღირებულება ცალსახად უნდა გააძვიროს. საქართველოში ტაქსების მომსახურების ფასები გამოკვლეული არ არის და რთულია მინიმუმი ღირებულების დასახელება, რომელიც შეიძლება ერთი კილომეტრი ღირდეს. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ის მეტია, ვიდრე "იანდნექს ტაქსის" მიერ შეთავაზებული ტარიფი," - Allnews.ge-სთან საუბარში თქვა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა.

ნანა მღებრიშვილი

წყარო ALLNEWS