სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ გაიხსნა

ზამთრის კურორტი “გოდერძი“ 8 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასით, ორი საბაგირო გზით, სასტუმროებითა და ხის კოტეჯებით ტურისტების მისაღებად მზად არის. კურორტზე სეზონი ადრე იწყება და გვიან მთავრდება.

აჭარის მაღალმთიანეთში ზღვის დონიდან 2366 მეტრზე მდებარე კურორტს ტურისტების პირველი ნაკადი უკვე ეწვია. ვიზიტორების თქმით, მათ სათხილამურო ტრასები, სუფთა ჰაერი და გამორჩეული პეიზაჟები იზიდავთ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სპეციალურად ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები შემუშავდა. სურვილის შემთხვევაში მათ უწყებას უნდა მიმართონ. ადგილზე მისულ ვიზიტორებს 6 ხის კოტეჯი და 2 სასტუმრო ელოდებათ. ფასები 100-დან 150 ლარამდე მერყეობს.

სათხილამურო სეზონი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთის კურორტების განვითარების კომანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თანამედროვე სტანდარტების სათხილამურო კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. მშენებლობისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯა.