სტუდენტებისთვის დღეს ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარი TeamLab Georgia გაიმართება

მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - ტექნოპარკში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ერთობლივი ორგანიზებით, დღეს სტუდენტებისთვის ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარი TeamLab Georgia გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, TeamLAB GEORGIA ფორუმ „შემოქმედებითი საქართველოს” ფარგლებში იმართება და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 50 სტუდენტს მოუყრის თავს.

„TeamLAB GEORGIA ერთდღიანი სემინარია, სადაც გუნდები იდეის გარშემო გაერთიანდებიან. სემინარის ფარგლებში მოხდება ჯგუფებში იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება, განხილვა და შეფასება მენტორების დახმარებით. სემინარის მიზანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობა და შემოქმედებითი პროდუქტის/პროექტის შექმნა“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, რეგისტრაციის ვადა TeamLab Georgia-ს სემინარზე დასწრების მსურველებისთვის 25 ნოემბერს დასრულდა; რეგისტრაცია და სემინარში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებს ინოვაციები, ახალი სამეწარმეო იდეები და ტექნოლოგიები.

„TeamLab Georgia სემინარის ფარგლებში სხვადასხვა პროფილის სტუდენტები გაერთიანდებიან მათ მიერ არჩეული იდეის მიხედვით ჩამოყალიბებულ გუნდებში. სხვადასხვა პროფილის მენტორები სტუდენტებს ბიზნეს-გეგმის, საქმიანი წინადადებებისა და პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარებიან. ექსპერტების სპეციალური ჯგუფი სემინარის ბოლოს გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

გამარჯვებული გუნდი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისგან "კულტურა და კრეატიულობა" საჩუქრად მიიღებს მოგზაურობას ევროპის რომელიმე ქვეყანაში. სემინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.facebook.com/events/362941224043483/

http://creativegeorgia.ge/cg/News/TeamLAB-Georgia.aspx“, - აღნიშნავენ უწყებაში.