რა უნდა ვიცოდეთ კიბერ თავდასხმაზე- ახალი ინიციატივა „სილიკონ ველისგან“

გლობალური კიბერუსაფრთხოების პრინციპების საქართველოში დანერგვისა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე შეხვედრა გაიმართა. კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი შოურუმი საზოგადოებაში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.bpn

„დღეს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვსარგებლობთ უამრავი მოწყობილობით, როგორიცაა კომპიუტერები, პლანშეტები, მობილურები. მათი გამოყენება ბევრ სიკეთესთან ერთად უამრავ რისკთანაა დაკავშირებული, მათ შორის კიბერ თავდასხმასა და ინფორმაციის მოპარვასთან. შეხვედრების სერია, რომლებიც დღეს დავიწყეთ სწორედ იმას ემსახურება, რომ მეტ ადამიანს გავაგებინოთ ამ რისკების შესახებ და მივაწოდოთ დროული ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვან თავი“. - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეხვედრა პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ISSP Georgia-სთან და kyiv Cyber Academy-სთან ერთად გაიმართა. შეხვედრისას კონკრეტული კიბერშეტევის ინსცენირება და ინფორმაციული შეტევის დროს ტექნოლოგიური დამცავის მექანიზმების პრეზენტირება მოხდა.

„კიბერ უსაფრთხოება ყველას ეხება, ვინაიდან ის ღრმადაა გამჯდარი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ კიბერ-სივრცეს როგორც ჩვენგან განცალკავებულ სივრცეს განვიხილავთ, თუმცა რეალობა ის არის, რომ დღევანდელ ტექნოლოგიებთან ერთად ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგალითისთვის მოვიყვან ახლახან უკრაინაში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ელექტროსადგურზე კიბერ-შეტევები განხორციელდა და მთლიანი რეგიონი უშუქოდ დარჩა.bpn ასე რომ, კიბერ სივრცე რეალურ სივრცესთანაა გადაბმული. დღეს ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და გვსურს საზოგადოების ყურადღება ამ საკითხებზე გავამახვილოთ.“ - საუბარში აღნიშნა ISSP-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, არტემ მიხაილოვმა.

ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უკვე გამოაქვეყნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ოფიციალური დოკუმენტები და დოქტრინები.