ავტომოყვარულები, ავტომობილების დილერი კომპანიების წარმომადგენლები და ავტომფლობელები საპროტესტო აქციას მართავენ

ავტომოყვარულები, ავტომობილების დილერი კომპანიების წარმომადგენლები და ავტომფლობელები დიღომში, ოლიმპიური არენის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ავტომანქანებზე აქციზის განაკვეთის ზრდას აპროტესტებენ. ავტომფლობელები ქალაქში ავტომანქანებით მსვლელობის მოწყობასაც გეგმავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ივანე ქებაძემ აღნიშნა, მათი მიზანია, რომ მთავრობის წარმომადგენლები მათ შეხვდნენ და გაეცნონ მათ პოზიციას, თუ რატომ არ უნდა გაძვირდეს აქციზის განაკვეთი.

„ვაპროტესტებთ აქციზის განაკვეთის გაზრდას, რომელიც გამოიწვევს ყველა მომსახურების გაძვირებას და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაიზრდება ფასები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეგვხვდნენ მთავრობის წარმომადგენლები და გაგვესაუბრონ. ამ აქციის ორგანიზება მოხდა ავტომოყვარულების, დილერების, სტუდენტების მიერ, ვისთვისაც მგზავრობის გადასახადი გაძვირდა. ამ აქციას ასევე უერთდებიან ის ადამიანები, ვინც შეიძინა ავტომობილი და არ იცის განბაჟების ახალი ტარიფის გადახდა მოუწევს თუ ძველის. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას იღებს ყველა ის ადამიანი, ვისაც ადარდებს გაზრდილი აქციზის გადასახადი“, - განაცხადა ივანე ქებაძემ.

ავტომფლობელების საპროტესტო აქციას ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტრანსპორტ ცენტრი“ უერთდება.

როგორც მისმა ხელმძღვანელმა, ვასო ურუშაძემ აღნიშნა, აქციზის განაკვეთის ზრდა ემსახურება მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას და არავითარი ის მიზნები მთავრობას არ ამოძრავებს, რაც დასახელებული იყო აქამდე.

„ჩვენი ორგანიზაცია უერთდება ამ აქციას, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის ზრდის, ასევე ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის გაპროტესტებას. ეს საბოლოო ჯამში იწვევს როგორც ავტომობილების, ასევე საწვავის გაძვირებას, რაც ტვირთად დააწვება თითოეულ მოქალაქეს. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ აქციას უერთდება, არის მთავრობის მიერ დასახელებული მიზეზები, რომ თითქოს აღნიშნული საგადასახადო რეგულაციები მიზნად ისახავს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს არის ტყუილი და რეალურად აღნიშნული რეგულაციები ემსახურება მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას. მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი იმ ტყუილს, რაც ფინანსთა სამინისტრომ შემოგვთავაზა და გადაიხედოს აღნიშნული რეგულაციები“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

აქციის მონაწილეები ავტომანქანებით ქალაქში მსვლელობას და პარლამენტის შენობამდე მისვლას გეგმავენ.