„ბლექ სი არენას“ მიმდებარედ კაფე-რესტორნები მოეწყობა

დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ „ევკალიპტების მუსიკოსთა პარკების“ მიმდებარედ, რესტორნისა და კაფეს აშენებისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

ტურისტების სიმრავლის გამო, რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, საინტერესო სანახაობასთან ერთად, კვების ობიექტების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს - 100 ლარს.“- განაცხადა „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგანეტოს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნიკა ქამუშაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. დეტალური პირობების გაცნობა კი „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე - nasp.gov.ge-ზეა მოცემული.

„ბლექ სი არენა” 2016 წლის ივლისში გაიხსნა დაბა შეკვეთილში და საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზია.

მარიამ ლორთქიფანიძე